ომბალოს ჩაი

ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ გავაკეთე მოლდოვას რესპუბლიკაში ტყემლის საწებელი

ჯერ, ორი წინადადებით, იმას გეტყვით თუ რატომ და როდის ვიყავი მოლდოვაში, უფრო ზუსტად კი – კიშინეუში. 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით – ექვსი თვის განმავლობაში – ვაკეთებდი კვლევას დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ჩემს მასპინძელ არასამთავრობო ორგანიზაციაში/თვის Promo-LEX Association.

ახლა კი მთავარი ამბის შესახებ გიამბობთ.

კიშინეუში ყოფნის დროს ვცხოვრობდი რიშკანის ტყე-პარკთან ახლოს (Parcul Râşcani – Ciocana) და ცოტათი როგორც კი ჩამოთბა, საღამოობით, სამსახურის შემდეგ, სახლიდან პარკამდე და შემდეგ ამ სამი ტბის ირგვლივ დავრბოდი ხოლმე.

droebiti

ერთ-ერთ საღამოს, პარკისკენ სირბილის დროს, შორიდან შევამჩნიე ხე, რომელიც ძალიან ჰგავდა ტყემლის ხეს. ახლოს მივირბინე. ტყემლის ხეს იმდენი ნაყოფი ესხა, რომ ტოტები სიმძიმისგან დაბლა იყო ჩამოწეული. ნუ, ტყემალი რომ მათთან პოპულარული არ იყო იქიდანაც ჩანდა, რომ არც ბაზარში იყიდებოდა და ეს ხეც – მიუხედავად იმისა, რომ არავის ეკუთვნოდა და ნეიტრალურ ზონაში ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი იყო – აშკარად არავის აინტერესებდა. რამდენიმე ჩამოვკრიფე და გავსინჯე. ნიამ, ნიამ. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე მიყვარს. გადავწყვიტე შემდეგი ვარჯიშისას 1-2 ცელოფნის პარკი წამეღო და უკანა გზაზე ჩამომეკრიფა ხე. იმ დღეს სხვა ხეებსაც დავაკვირდი და ტყე-პარკშიც აღმოვაჩინე ტყემლის ერთი ცალი ხე.

მოკლედ, შემდეგ ჯერზე რომ წავედი სარბენად ჩემი გეგმა განვახორციელე და იმდენი ტყემალი ჩამოვკრიფე, რამდენის სახლამდე მიზიდვასაც შევძლებდი. ყველა გამვლელი ინტერესით მიყურებდა. რამდენიმე გაჩერდა კიდეც და რამდენიმე წამი დამაკვირდა. მათ შორის მხოლოდ ერთმა მამაკაცმა გაბედა მოსვლა და კითხვა – “შვილო, რატომ კრეფ ამას? ეს რაღაც ველური ხილია, ველური алыча და არ იჭმევა”. მე ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ და ჩვენ ამ ხილს ვჭამთ და მისგან საწებელსაც ვაკეთებთ-თქო. ძალიან გაუკვირდა, დამარიგა ფრთხილად იყავი მაინცო და წავიდა.

1

ამდენი საჭმელად არ მინდოდა, ძირითადად საწებლის გასაკეთებლად წამოვიღე… მანამდე მხოლოდ სხვების მიერ ტყემლისგან საწებლის გაკეთების პროცესი მქონდა ნანახი, თავად არასოდეს მიცდია. ტყემლისთვის საჭირო მასალა რეცეპტიდან ამოვიწერე და რაც მაკლდა მეორე დღეს, სახლისკენ გზაზე, ბაზარში შევიძინე.

აუცილებელ მასალაში ეს არ ეწერა, მაგრამ ისე მახსოვდა, რომ ტყემალს უხდება ომბალოთი შეკმაზვა. ვიფიქრე – აქ არ მგონია ომბალო ვიშოვო-თქო, მაგრამ შესაბამის დახლებს მაინც ვათვალიერებდი. მწვანილების და სუნელების განყოფილებაში ომბალო არ შემხვდა, მაგრამ ბაზრიდან რომ გამოვდიოდი გასასვლელში იჯდა ერთი ბებო, რომელსაც ჰქონდა რაღაც ბალახები გასაყიდად, მათ შორის წვრილი ყვითელ-ყვავილიანი სარეველა ბალახიც კი. ახლოს მივედი და რას ვხედავ – ომბალოს მსგავსი მცენარეც უდევს. ჩემთვის ვფიქრობ – დავიჯერო ომბალოა?! ბებოს ვეკითხები – ბებო, ეს რა არის? პასუხი – мята болотная (ნუ, როგორც მერე დადასტურდა, იგივე ომბალო – Mentha pulegium). ეს მცენარე ხელში ავიღე და ვცდილობ სუნით მივხვდე ომბალოა თუ არა. ბებო კი ამასობაში აგრძელებს – ‘ამ მცენარის ჩაი არის ძალიან სასარგებლო. თუ უძილობა გაწუხებს და ამის ნაყენს დალევ, კარგად დაგეძინება. ნერვებს ამშვიდებს და დაღლილობასაც შველის’-ო. მე ჩემს გამოძიებაში ვიყავი გართული და ეს ნათქვამი კი გავიგონე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია დიდად. ჩემთვის ვიფიქრე – მე ჩაისთვის არ მინდა ომბალო. ამას უკვე აქვს თავისი დანიშნულება-თქო. თან, ომბალოს ჩაი რაღაც მეუცნაურა. უსაზღვროდ იაფი ფასის გამო (თითო შეკვრა 2 ლეი (20-25 თეთრი)) 2 შეკვრა ვიყიდე და სახლში ბედნიერი დავბრუნდი.

დავდგი ტყემალი გაზქურაზე მოსახარშად და გავამზადე შესაკმაზი მასალა. არც როდინი მქონდა, არც საწური, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტყემალიც ხელით უნდა გამომეკურკა და გამეჩხაკა (როგორც იმერეთში იციან თქმა) და ნიორი, ქინძი, ომბალო და მისთანებიც სხვა ხერხით უნდა დამენაყა. იმ ეტაპისთვის ეს თითქმის შეუძლებლად მეჩვენებოდა და მეზობლების შეწუხებას ვაპირებდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე/მომერიდა.

IMG_4227

მოხარშული (და შეგრილებული) ტყემლის გამოკურკვა / გაჩხაკვა არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც მე მეგონა ან თქვენ გგონიათ. საკმაოდ მარტივად და სწრაფად გაკეთდა იგივე საქმე ხელით და თან კანის პატარა ნაგლეჯიც კი არ დარჩა შიგნით.

IMG_4089
IMG_40902

დანაყვაც მოვახერხე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და ტყემალიც შეიკმაზა. შეკმაზვის დროს რომ ვსინჯავდი, მარილი ან სხვა საკმაზი ხომ არ აკლდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სახლის გემოს მონატრებული ჩემი ხელით ვქმნიდი ტყემლის საწებელს და ძალიან გემრიელი გამოდიოდა. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ეს (ახლა უკვე ჩემთვისაც კი) – ამ პატარა სიხარულმა საკმაოდ დიდხანს გამითბო გული მაშინ.

მოკლედ, ტყემალი გავაკეთე და ძალიან ბედნიერმა შევდგი მაცივარში. მეორე დღის სადილის მენიუც შევადგინე გონებაში.

მაგრამ ომბალო ხომ 2 შეკვრა/კონა ვიყიდე?! ჰოდა, რა თქმა უნდა მთლიანად არ გამომიყენებია ტყემლის შესაკმაზად. საკმაოდ ბევრი იყო.

შევედი google.com-ზე, ჯერ ომბალოს ჩაიზე მოვიძიე ინფორმაცია. რაღაცები კი ეწერა, მაგრამ ძირითადად პირად გამოცდილებაზე. მერე მარტივი ძიებით დავადგინე, რომ ომბალო ინგლისურად ყოფილა pennyroyal. ისევ google-ს მივმართე და ამჯერად ჩავწერე – Pennyroyal Tea და აბა ვინ გამოიცნობთ რა ამომიგდო? ჯგუფ ნირვანას მოყვარულები მაშინვე მიხვდებოდით ალბათ – ნირვანას აქვს სიმღერა სათაურით pennyroyal tea და ძიებისას სწორედ ეს სიმღერა მაჩვენა შედეგების სათავეში. სიმღერის ტექსტის ერთ ნაწილში კურტ კობეინის ნამღერი დაახლოებით ასე ჟღერს პირდაპირ თარგმანში: „ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერ ვიძინებ; მე ვარ მატყუარა და ქურდი; დაჯექი და დალიე ომბალოს ჩაი, მე ვარ ანემიური სიდიადე.“ თუმცა სიმღერისთვის მაშინვე არც კი მომისმენია. ეგრევე ავდექი, დავაყენე ომბალოს ნაყენი/ჩაი და მისი სმის დროს ჩავრთე ეს მუსიკა და ზედიზედ მოვუსმინე მანამ, სანამ ჩაი ბოლომდე ნება-ნებით არ დავლიე.

ესეც თავად ნირვანას “ომბალოს ჩაი” – NIRVANA – Pennyroyal Tea

უძილობა არც მანამდე მაწუხებდა, მაგრამ მაგ ღამით მართლა ძალიან ტკბილად დამეძინა.. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში კი ჩემი მენიუ ასე გამოიყურებოდა:

IMG_4168

IMG_4236

საღამოობით კი ომბალოს ჩაის მივირთმევდი, რა თქმა უნდა ნირვანას მუსიკის თანხლებით.

ჩემი 6-თვიანი მოლდოვური ცხოვრების ამსახველი სხვა კადრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფოტო-ალბომებში:

მოლდოვა

ლუდის ფესტივალი კიშინეუში

ძველი ორჰეი (Orheiul Vechi)

ქურჩის მონასტერი

ლეუშენი და კაპრიანას მონასტერი

უკან, საბჭოთა კავშირში – დნესტრისპირეთი

ალუჩის დღე

სუსხიანი ღამე იყო. სახლში ძალიან ციოდა. გარეთაც.. მაგრამ სახლში – უფრო. გარეთ, ხეები ასაფეთქებლად გამზადებულიყვნენ, მაგრამ ნახევრად გაკვირტულები თითქმის ერთი თვე უმოძრაოდ იყვნენ, თითქოს მსაჯის სასტვენს ან რამე ნიშანს ელოდებიანო.

სიცივის გამო დაძინება გამიჭირდა. ვერაფრით გავთბი… სიცივეს ძვლებამდე ვგრძნობდი. ჯანდაბა.. არადა უკვე აპრილი იყო, 26 აპრილი. ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა… გათბობა ვერ მოვახერხე, მაგრამ ისე დავიღალე, რომ ძილმა მაინც მძლია. სიზმარში გაზაფხული მესიზმრა.. მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები.

მეორე დღე, 27 აპრილი, შაბათი იყო. რადგან სამსახურში არ მივდიოდი, ღამის უძილარი დილით ადრე ადგომას არ ვგეგმავდი… მაგრამ… დილის 10 საათისთვის ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ‘მაღვიძარამ’ ჯერ მომიკითხა, შემდეგ კი მომახსენა, რომ ჩემთვის რაღაც საჩუქარი ჰქონდა თურქეთიდან და ლანჩზე დამპატიჟა საჩუქრის გადმოსაცემად. ბოლომდე გამოფხიზლებულიც არ ვიყავი ისე დავთანხმდი.

ტელეფონი გავთიშე და ადგომა გადავწყვიტე. ჩვეულებისამებრ, ადგომისას პლედი მოვიხურე, მაგრამ ვიგრძენი რომ არ მციოდა… განა უბრალოდ არ მციოდა, პლედში დამცხა კიდეც. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. მსუბუქმა თბილმა ნიავმა დაუბერა… გარეთ გავიხედე და დავინახე მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები. წამიერად გავიფიქრე, რომ ისევ სიზმარში ვიყავი და თვალები ავახამხამე და მოვიფშვნიტე. მაგრამ ფანჯრიდან ისევ მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები ჩანდა.. და კიდევ აყვავებული იასამანი, წითელი ტიტები და რაღაც თეთრი ყვავილები.

Tetri kvavili   Iasamani

(ოღონდ, ეს 2 ფოტო 1 მაისს გადავიღე)

ერთ ღამეში ასეთი მკვეთრი ცვლილება იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ ისიც კი ვიფიქრე, ისევ წამიერად, რამდენიმე დღე გადაბმულად ხომ არ მეძინა-თქო..

როცა დავრწუმდი რომ არც სიზმარში ვიყავი და არც რამდენიმე დღიანი ძილქუში დამმართნია, ფანჯრის რაფას იდაყვებით ჩამოვეყრდენი და რამდენიმე წუთი ჩუმად ვუყურებდი და ვტკბებოდი ცხადში ახდენილ ჩემ სიზმარს.

ამ დროს ჯერ არ ვიცოდი, რომ წინ კიდევ ერთი დიდი სიხარული მელოდა…

სახლიდან გარეთ რომ გავედი სითბო კიდევ უფრო კარგად ვიგრძენი. პროგნოზის მიხედვით იმ მომენტისთვის ჰაერის ტემპერატურა 31*C იყო.. ჰოი, საოცრებავ.

შეთანხმებული ლანჩისთვის შორს წასვლა არ მომიწია. შეხვედრის ადგილი, ჩემსავე ქუჩაზე არსებული Fresh-Line Café იყო. ეს ის კაფეა, რომელსაც სამსახურიდან სახლისკენ მომავალი ყოველ დღე ჩავუვლიდი ხოლმე და ერთადერთი რასაც გარედან ვხედავდი სტაფილოსფრად და მწვანედ განათებული სახელწოდება იყო. ახლა კი სულ სხვა სურათი დამხვდა – სახელწოდებას ეფარებოდა გარეთ გამოტანილი ხის მაგიდები და სკამები, მათ თავზე გაშლილი ქოლგები და ქოლგების თავზე ფოთლიანი და ყვავილებიანი ხეები. ფოთლებსა და ქოლგებს შორის შემოპარული მზის სხივები კი იქაურობას კიდევ უფრო მეტად ალამაზებდნენ.

‘მაღვიძარა’ და მისი საჩუქარი ერთ-ერთ მაგიდასთან მელოდნენ. საჩუქარი ქაღალდის პარკში იდო და გარედან ვერ გამოვიცანი რა იყო, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ მომიწია.

საჩუქარი იმაზე სასიხარულო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ან ვიდრე შეიძლებოდა წარმომედგინა – ალუჩა. ა-ლ-უ-ჩ-ა. ვინც მე კარგად მიცნობს ყველამ იცის ჩემი და ალუჩის სიყვარულის ისტორიები. ჩემი საყვარელი ხილის სია ალუჩით იწყება, წლიდან წლამდე ველოდები ალუჩის სეზონს, როცა სეზონი მოდის შემიძლია მთელი დღე ალუჩის მეტი არაფერი ვჭამო… ოდესმე ყოფილხართ იმდენად გახარებული რომ სიტყვებით გადმოცემაც გიჭირთ და ემოციებითაც და სხვებს ჰგონიათ, რომ არ გიხარიათ?! აი, ზუსტად მასე გამიხარდა მეც ალუჩის დანახვა. გავშრი, თავბრუ დამეხვა…   სპეციალურად ჩემთვის, სპეციალურად თურქეთიდან, მოულოდნელი და განუმეორებელი საჩუქარი – ალუჩა.

Alucha

სახლში დავბრუნდი თუ არა ლამის მთელს ალუჩას მუსრი გავავლე. ერთ დღეში ამდენი სიხარული და დადებითი ემოცია მივიღე და ჯერ კიდევ შუადღე იყო.

ასეთ კარგ ამინდში და ასეთ კარგ განწყობაზე სახლში ყოფნა დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. როცა ბედნიერი ხარ უნდა შეირგო და კარგზე უნდა იფიქრო.

ზუსტად ვიცოდი რა დამეხმარებოდა ამ დღის კიდევ უფრო გახალისება-გალამაზებაში. მუსიკა iPod-ის ყურსასმენებში, ფეხზე ადიდასის ბოტასები და სირბილი. ტყე… სიმწვანე.. ტბა.. სიმწვანე.. ყვავილები.. სუფთა ჰაერი.. სიმწვანე..

წარმოიდგინეთ მწვანე ტყე, ტყეში 4 ტბა, ტბების ირგვლის მიმოფანტული მოპიკნიკეები, ერთ-ერთ ტბასთან პატარა მდელო, მდელოზე კი – ბუნებასთან შეხამებული ყვითელი ტრენაჟორები. დავრბოდი ამ ყველაფერს შორის, ვუყურებდი სილამაზეს, ვგრძნობდი სითბოს და მიხაროდა.

IMG_2195      IMG_2180

IMG_2203      IMG_2207

IMG_2210

IMG_2183

ტყე-პარკიდან სახლში ძუნძულით დავბრუნდი (დაშორება სულ 2-3 ბლოკია). ყველა ეზოში სამეზობლო იყო გამოშლილი. ერთ ეზოში, სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მეორე ეზოში სხვა ბავშვები – კალათბურთს; მომდევნო ეზოში ახალგაზრდა წყვილი ბავშვს ასეირნებდა; შემდეგში – მეზობლები იყვნენ შეკრებილნი, ჭუკჭუკებდნენ და იცინოდნენ; კიდევ შემდგომ ეზოში ვიღაც ქალი ეზოს აწესრიგებდა… ნეტა მართლა ერთ დღეზე მეტხანს ხომ არ მეძინა – კიდევ ერთხელ, უნებურად, გავიფიქრე…

სითბოთი და დადებითი ენერგიით დამუხტული დავბრუნდი სახლში…

ადრე მეგონა, რომ ჩემი საყვარელი სეზონი ზაფხული იყო. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი სეზონი გაზაფხულია, ზაფხულური გაზაფხული, რომელმაც კიშინეუში ერთ ღამეში ჩაანაცვლა ზამთრული სიცივე…

ალბათ მზე, სითბო და ფოთლებიანი ხეები ასე ძლიერად იმიტომაც გამიხარდა, რომ განსაკუთრებულად დიდხანს მომიწია მისთვის ლოდინმა. ჯერ იყო და ინგლისის ნაცრისფერი ცა მთრგუნავდა, მერე ზამთარი იყო და ლამის ორწლიანი სიგრილის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გვიანი გა/ზაფხული, რომელიც 3 ან 4 დღე კი არა 3 ან 4 თვე დარჩება ჩემთან…

მინაწერი: 27 აპრილს კი მწვანე ბალახის, მზის, ფოთლიანი ხეებისა და ალუჩის დღედ ვაცხადებ…IMG_2182

IMG_2188

IMG_2184      IMG_2191