ალუჩის დღე

სუსხიანი ღამე იყო. სახლში ძალიან ციოდა. გარეთაც.. მაგრამ სახლში – უფრო. გარეთ, ხეები ასაფეთქებლად გამზადებულიყვნენ, მაგრამ ნახევრად გაკვირტულები თითქმის ერთი თვე უმოძრაოდ იყვნენ, თითქოს მსაჯის სასტვენს ან რამე ნიშანს ელოდებიანო.

სიცივის გამო დაძინება გამიჭირდა. ვერაფრით გავთბი… სიცივეს ძვლებამდე ვგრძნობდი. ჯანდაბა.. არადა უკვე აპრილი იყო, 26 აპრილი. ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა… გათბობა ვერ მოვახერხე, მაგრამ ისე დავიღალე, რომ ძილმა მაინც მძლია. სიზმარში გაზაფხული მესიზმრა.. მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები.

მეორე დღე, 27 აპრილი, შაბათი იყო. რადგან სამსახურში არ მივდიოდი, ღამის უძილარი დილით ადრე ადგომას არ ვგეგმავდი… მაგრამ… დილის 10 საათისთვის ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ‘მაღვიძარამ’ ჯერ მომიკითხა, შემდეგ კი მომახსენა, რომ ჩემთვის რაღაც საჩუქარი ჰქონდა თურქეთიდან და ლანჩზე დამპატიჟა საჩუქრის გადმოსაცემად. ბოლომდე გამოფხიზლებულიც არ ვიყავი ისე დავთანხმდი.

ტელეფონი გავთიშე და ადგომა გადავწყვიტე. ჩვეულებისამებრ, ადგომისას პლედი მოვიხურე, მაგრამ ვიგრძენი რომ არ მციოდა… განა უბრალოდ არ მციოდა, პლედში დამცხა კიდეც. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. მსუბუქმა თბილმა ნიავმა დაუბერა… გარეთ გავიხედე და დავინახე მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები. წამიერად გავიფიქრე, რომ ისევ სიზმარში ვიყავი და თვალები ავახამხამე და მოვიფშვნიტე. მაგრამ ფანჯრიდან ისევ მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები ჩანდა.. და კიდევ აყვავებული იასამანი, წითელი ტიტები და რაღაც თეთრი ყვავილები.

Tetri kvavili   Iasamani

(ოღონდ, ეს 2 ფოტო 1 მაისს გადავიღე)

ერთ ღამეში ასეთი მკვეთრი ცვლილება იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ ისიც კი ვიფიქრე, ისევ წამიერად, რამდენიმე დღე გადაბმულად ხომ არ მეძინა-თქო..

როცა დავრწუმდი რომ არც სიზმარში ვიყავი და არც რამდენიმე დღიანი ძილქუში დამმართნია, ფანჯრის რაფას იდაყვებით ჩამოვეყრდენი და რამდენიმე წუთი ჩუმად ვუყურებდი და ვტკბებოდი ცხადში ახდენილ ჩემ სიზმარს.

ამ დროს ჯერ არ ვიცოდი, რომ წინ კიდევ ერთი დიდი სიხარული მელოდა…

სახლიდან გარეთ რომ გავედი სითბო კიდევ უფრო კარგად ვიგრძენი. პროგნოზის მიხედვით იმ მომენტისთვის ჰაერის ტემპერატურა 31*C იყო.. ჰოი, საოცრებავ.

შეთანხმებული ლანჩისთვის შორს წასვლა არ მომიწია. შეხვედრის ადგილი, ჩემსავე ქუჩაზე არსებული Fresh-Line Café იყო. ეს ის კაფეა, რომელსაც სამსახურიდან სახლისკენ მომავალი ყოველ დღე ჩავუვლიდი ხოლმე და ერთადერთი რასაც გარედან ვხედავდი სტაფილოსფრად და მწვანედ განათებული სახელწოდება იყო. ახლა კი სულ სხვა სურათი დამხვდა – სახელწოდებას ეფარებოდა გარეთ გამოტანილი ხის მაგიდები და სკამები, მათ თავზე გაშლილი ქოლგები და ქოლგების თავზე ფოთლიანი და ყვავილებიანი ხეები. ფოთლებსა და ქოლგებს შორის შემოპარული მზის სხივები კი იქაურობას კიდევ უფრო მეტად ალამაზებდნენ.

‘მაღვიძარა’ და მისი საჩუქარი ერთ-ერთ მაგიდასთან მელოდნენ. საჩუქარი ქაღალდის პარკში იდო და გარედან ვერ გამოვიცანი რა იყო, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ მომიწია.

საჩუქარი იმაზე სასიხარულო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ან ვიდრე შეიძლებოდა წარმომედგინა – ალუჩა. ა-ლ-უ-ჩ-ა. ვინც მე კარგად მიცნობს ყველამ იცის ჩემი და ალუჩის სიყვარულის ისტორიები. ჩემი საყვარელი ხილის სია ალუჩით იწყება, წლიდან წლამდე ველოდები ალუჩის სეზონს, როცა სეზონი მოდის შემიძლია მთელი დღე ალუჩის მეტი არაფერი ვჭამო… ოდესმე ყოფილხართ იმდენად გახარებული რომ სიტყვებით გადმოცემაც გიჭირთ და ემოციებითაც და სხვებს ჰგონიათ, რომ არ გიხარიათ?! აი, ზუსტად მასე გამიხარდა მეც ალუჩის დანახვა. გავშრი, თავბრუ დამეხვა…   სპეციალურად ჩემთვის, სპეციალურად თურქეთიდან, მოულოდნელი და განუმეორებელი საჩუქარი – ალუჩა.

Alucha

სახლში დავბრუნდი თუ არა ლამის მთელს ალუჩას მუსრი გავავლე. ერთ დღეში ამდენი სიხარული და დადებითი ემოცია მივიღე და ჯერ კიდევ შუადღე იყო.

ასეთ კარგ ამინდში და ასეთ კარგ განწყობაზე სახლში ყოფნა დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. როცა ბედნიერი ხარ უნდა შეირგო და კარგზე უნდა იფიქრო.

ზუსტად ვიცოდი რა დამეხმარებოდა ამ დღის კიდევ უფრო გახალისება-გალამაზებაში. მუსიკა iPod-ის ყურსასმენებში, ფეხზე ადიდასის ბოტასები და სირბილი. ტყე… სიმწვანე.. ტბა.. სიმწვანე.. ყვავილები.. სუფთა ჰაერი.. სიმწვანე..

წარმოიდგინეთ მწვანე ტყე, ტყეში 4 ტბა, ტბების ირგვლის მიმოფანტული მოპიკნიკეები, ერთ-ერთ ტბასთან პატარა მდელო, მდელოზე კი – ბუნებასთან შეხამებული ყვითელი ტრენაჟორები. დავრბოდი ამ ყველაფერს შორის, ვუყურებდი სილამაზეს, ვგრძნობდი სითბოს და მიხაროდა.

IMG_2195      IMG_2180

IMG_2203      IMG_2207

IMG_2210

IMG_2183

ტყე-პარკიდან სახლში ძუნძულით დავბრუნდი (დაშორება სულ 2-3 ბლოკია). ყველა ეზოში სამეზობლო იყო გამოშლილი. ერთ ეზოში, სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მეორე ეზოში სხვა ბავშვები – კალათბურთს; მომდევნო ეზოში ახალგაზრდა წყვილი ბავშვს ასეირნებდა; შემდეგში – მეზობლები იყვნენ შეკრებილნი, ჭუკჭუკებდნენ და იცინოდნენ; კიდევ შემდგომ ეზოში ვიღაც ქალი ეზოს აწესრიგებდა… ნეტა მართლა ერთ დღეზე მეტხანს ხომ არ მეძინა – კიდევ ერთხელ, უნებურად, გავიფიქრე…

სითბოთი და დადებითი ენერგიით დამუხტული დავბრუნდი სახლში…

ადრე მეგონა, რომ ჩემი საყვარელი სეზონი ზაფხული იყო. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი სეზონი გაზაფხულია, ზაფხულური გაზაფხული, რომელმაც კიშინეუში ერთ ღამეში ჩაანაცვლა ზამთრული სიცივე…

ალბათ მზე, სითბო და ფოთლებიანი ხეები ასე ძლიერად იმიტომაც გამიხარდა, რომ განსაკუთრებულად დიდხანს მომიწია მისთვის ლოდინმა. ჯერ იყო და ინგლისის ნაცრისფერი ცა მთრგუნავდა, მერე ზამთარი იყო და ლამის ორწლიანი სიგრილის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გვიანი გა/ზაფხული, რომელიც 3 ან 4 დღე კი არა 3 ან 4 თვე დარჩება ჩემთან…

მინაწერი: 27 აპრილს კი მწვანე ბალახის, მზის, ფოთლიანი ხეებისა და ალუჩის დღედ ვაცხადებ…IMG_2182

IMG_2188

IMG_2184      IMG_2191

Advertisements