ჩემი პირველი „საზღვარგარეთი“ – აშშ

პირველად საზღვარგარეთ რომ წავედი 16 წლის ვიყავი. ერთ-ერთი ვიყავი იმ 50-მდე ქართველს შორის, რომელიც, 2001 წლის 2 აგვისტოს, საქართველოდან გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით  გაემგზავრა.

airplane

ძალიან მიხაროდა, რადგან ჩემთვის ეს დიდი მიღწევა იყო. იმ 50 ბავშვს შორის ვიყავი, რომელიც სექტემბრიდან აპრილამდე გაწელილ შესარჩევ ტურებში 1000-ზე მეტ ბავშვს შორის ამოარჩიეს. ძალიან მიხაროდა, რადგან საზღვარგარეთ მივდიოდი. ძალიან მიხაროდა, რადგან პირველად ვიფრენდი თვითმფრინავით. ძალიან მიხაროდა,  რადგან ამერიკას ვნახავდი. ძალიან მიხაროდა, რადგან ახალ მეგობრებს შევიძენდი. ძალიან მიხაროდა, რადგან დამოუკიდებლობას შევიგრძნობდი. ბევრი მსგავსი რამ მიხაროდა ბავშვური სიხარულით.  ვერ წარმოვიდგენდი, რომ სინამდვილეში ამ 11 თვეში ჩამოვყალიბდებოდი ადამიანად; რომ პირველად გავიაზრებდი თურმე როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო; რომ შევიძენდი უამრავ ახალ უნარს და სხვა მსოფლმხედველობა და სამყაროს ახალი აღქმა განმივითარდებოდა. და რომ ეს ყველაფერი მთელ ჩემს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავდა.

ეს ცვლილებები, გარკვეულწილად, ჩემი ასაკითაც იყო გამოწყვეული, მაგრამ ასაკი მხოლოდ ერთ-ერთი, უმნიშვნელო, კომპონენტი იყო, მთავარი მიზეზები კი – სულ სხვა: სამშობლოდან შორს ვიყავი, სრულიად განსხვავებული კულტურისა და წეს-ჩვეულებების მქონე გარემოში, რომელში ადაპტირებაც  ძალიან დიდი გამოწვევა იყო და ამ გამოწვევის მიღებისა და დაძლევის პროცესში ძალაუნებურად განმივითარდა გარკვეული უნარები, გავხდი უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი, სხვა თვალით დავინახე სამყარო, ზოგი ახალი ღირებულება შევიძინე, ზოგიერთი ძველი უფრო გაძლიერდა, ზოგიც კი საერთოდ გაქრა; შევიძინე საერთაშორისო მეგობრები, სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურიდან, სხვადასხვა ინტერესებით, რომელთაგან ძალიან ბევრი ვისწავლე; აღმოვჩნდი განათლების სრულიად განსხვავებულ სისტემაში, სადაც ერთდროულად მეტია თავისუფლება და თან მეტი კონკრეტულობა და ნაკლები განზოგადებაა, ამასთანავე მეტი დატვირთვა – გონებრივიც და ფიზიკურიც, აქტიური სპორტი, ხელოვნება, დრამის კლასები, მოხალისეობა, და ა.შ. – ასეთმა აქტიურმა და დატვირთულმა განრიგმა დამანახა, რომ რაც მეტ საქმეს აკეთებ, მით მეტი თავისუფალი დრო გრჩება;  ვცხოვრობდი მასპინძელ ოჯახში, რამაც საშუალება მომცა იქაური ოჯახის წყობა და ღირებულებები საკუთარი თვალით მენახა და საკუთარ თავზე გამომეცადა, უფრო საინტერესო და მდიდარი გახადა ჩემი იქ ყოფნა, დროებით და ნაწილობრივ ჩამინაცვლა ოჯახური სითბო, მაგრამ ამასთანავე პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრა და განმივითარა; და ნუ, რა თქმა უნდა გავწაფე ინგლისური ენა (ამერიკული აქცენტითურთ) – რამაც, პირველ რიგში, წარმატებისთვის საჭირო წინაპირობა – თავდაჯერებულობა – შემმატა და შემდეგ უკვე მოტივაცია და სხვა მსგავსი სიკეთეები.

იმაზე ლაპარაკი თუ როგორ განსაზღვრა ამ ყველაფერმა ჩემი მომავალი ცხოვრება ძალიან შორს წაგვიყვანს. შეიძლება ოდესმე მივუძღვნა კიდეც ამ ‘ანალიზს’ ცალკე პოსტი.

ისე, ჩემი ამერიკული გამოცდილებიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მახსენდება, რომელთა გავლენასაც მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა სიტუაციაში ვგრძნობდი, სანამ ისინი ნელ-ნელა არ შემისისხლხორცდა. სიამოვნებით გაგიზიარებდით ამ ეპიზოდებს, მაგრამ მეშინია თავს იმდენად მოგაბეზრებთ, რომ ბოლომდე არც კი ჩაიკითხავთ ამ ჩანაწერს.

ამიტომ მხოლოდ ერთის შესახებ მოგიყვებით.

2001 წლის 9 სექტემბერს მე და პროგრამის კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი (თ.მ.) ნიუ იორკში ვიყავით. ჩვენმა ადგილობრივმა კოორდინატორმა გაუკეთა ექსკურსიას ორგანიზება. ნიუ იორკში მანქანით წავედით. პირველი რაც დავინახეთ ქალაქში შესვლამდე იყო თავისუფლების ქანდაკება. მოულოდნელად გამოჩნდა და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მე და თ.მ.-მ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ. არ ვიცი ის რას ფიქრობდა იმ მომენტში, რადგან ორივე ხმის ამოუღებლად ვისხედით და მივჩერებოდით ქვის ქანდაკებას, მაგრამ ვფიქრობ ორივეს მსგავსი განცდა გვქონდა. ჩვენს თვალწინ ვხედავდით იმას, რაც უამრავჯერ გვქონდა ნანახი ტელევიზორში და ფოტოებზე და ალბათ საკუთარ გონებაში წარმოდგენილი გვქონდა კიდეც როგორი იქნებოდა, მაგრამ ახლა წარმოდგენა აღარ იყო საჭირო. ჩვენს წინ იყო აღმართული და სიზმარს გავდა. თვალს რომ დავხუჭავ იმ კადრს ახლაც ვხედავ – ახალი გათენებულია..  ჩემგან მარჯვნივ, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დგას ამერიკის სიმბოლო, თავისუფლების ქანდაკება და  მას ირგვლივ მისტიური ნისლი ახვევია…

DSCN4259

ის დღე შთაბეჭდილებებით იყო დახუნძლული.. კვირა დღის მიუხედავად ხალხით და მანქანებით გადავსებული ქუჩები, პირდაპირი მნიშვნელობით ცაზე მიბჯენილი შენობები, რომელთა ბოლო სართულებამდე თვალიც კი ვერ წვდებოდა, ე.წ. China Town, ქუჩაში გამოფენილი მხატვრობა, მეხუთე ავენიუ, ერთმანეთის გვერდით ჩაყოლებული მაღალი მოდის წარმომადგენელთა მაღაზიები, პარკებში მოძუნძულე ადამიანები, ქალაქის ენით უთქმელი დინამიურობა და კიდევ მრავალი სხვაც… იმ დღეს მე ნიუ იორკი შემიყვარდა. მე ხომ მანამდე მსგავსი არაფერი მენახა.

ქუჩაში ბოდიალისას მე და თ.მ. შევესწარით მშვიდობიან აქციას, სადაც ნიუ იორკის მოსახლეობა იმ ფაქტს აპროტესტებდა, რომ ქალაქის ერთ-ერთ პარკში ნებადართული იყო მანქანების პარკირება. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ლოზუნგები ჰქონდათ მომზადებული – მაგალითად. ‘No Parking in Parks’, ‘parks for citizens not their cars’, – და ამას გარდა მწვანეზე თეთრად იყო დაბეჭდილი და ვრცელდებოდა პოსტერი – VOTE PARKS! იქ მყოფებს შორის ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ორ დღეში ეს საკითხი მათთვის მეათასეხარისხოვანი გახდებოდა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობები ნიუ იორკის ყველაზე მაღალი შენობები იყვნენ და შესაბამისად მათ სახურავებზე ასვლისას ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე აღმოჩნდებოდი. ამ შესაძლებობით აღტაცებულებმა მივაშურეთ მათკენ, მაგრამ იქ მისულებს, უზარმაზარი რიგი შენობის შესასვლელშივე დაგვხვდა. კვირა დღეს ყოველთვის ასე არისო – გვაუწყეს. რიგი იმდენად დიდი იყო, რომ მასში ჩადგომის შემთხვევაში რამდენიმე საათი მოგვიწევდა ლოდინი. გადავწყვიტეთ – ეს რამდენიმე საათი რიგში დგომით არ გაგვეფლანგა და ქალაქის თვალიერება გაგვეგრძელებინა, სავაჭრო ცენტრის სახურავზე კი ნიუ იორკში შემდეგი ვიზიტისას ავსულიყავით. ეს შემდეგი ვიზიტი, ნიუ იორკში,  მალევე კი განვახორციელე, მაგრამ მაგ დროს ტყუპების სახურავი უკვე  ქუჩის დონეს უსწორდებოდა. მეორედ ჩასულს, ცათამბჯენის ნაცვლად – Ground Zero, სახურავზე ასვლის მსურველთა რიგის ნაცვლად კი ტყუპ შენობების ნანგრევებში მოყოლილთა პოვნის მსურველების დიდი არმია, ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების შემადგენლობით, დამხვდა.

მას შემდეგ უკვე იმდენი რამ ითქვა და დაიწერა, რომ აღარ ვილაპარაკებ იმაზე თუ რამდენად დიდი ტრაგედია იყო (და არის) 2001 წლის 11 სექტემბერი, მითუმეტეს რომ ეგ ამ პოსტის მიზანი და თემა არ არის. თუმცა იმას გავუსვამ ხაზს, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან თუ როგორ გააერთიანა ამ ტრაგედიამ აშშ-ს მოსახლეობა. ალბათ მათმა უმრავლესობამ საკუთარ ცხოვრებაში პირველად გაიაზრა და იგრძნო ‘United We Stand’-ის არსი და მნიშვნელობა. ჩემთვის სანიმუშო იყო ადამიანების ერთობა იმ პერიოდში. ეს ეპიზოდი ჩემი 11 თვიანი ამერიკული გამოცდილების დასაწყისში იყო და მნიშვნელოვნად იმოქმედა მთელს დანარჩენ პერიოდზეც. ალბათ გამიმართლა, რადგან საშუალება მომეცა ამერიკელები ახალი, არასტერეოტიპული თვალით დამენახა.

tribute

Advertisements

6 thoughts on “ჩემი პირველი „საზღვარგარეთი“ – აშშ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s