ომბალოს ჩაი

ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ გავაკეთე მოლდოვას რესპუბლიკაში ტყემლის საწებელი

ჯერ, ორი წინადადებით, იმას გეტყვით თუ რატომ და როდის ვიყავი მოლდოვაში, უფრო ზუსტად კი – კიშინეუში. 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით – ექვსი თვის განმავლობაში – ვაკეთებდი კვლევას დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ჩემს მასპინძელ არასამთავრობო ორგანიზაციაში/თვის Promo-LEX Association.

ახლა კი მთავარი ამბის შესახებ გიამბობთ.

კიშინეუში ყოფნის დროს ვცხოვრობდი რიშკანის ტყე-პარკთან ახლოს (Parcul Râşcani – Ciocana) და ცოტათი როგორც კი ჩამოთბა, საღამოობით, სამსახურის შემდეგ, სახლიდან პარკამდე და შემდეგ ამ სამი ტბის ირგვლივ დავრბოდი ხოლმე.

droebiti

ერთ-ერთ საღამოს, პარკისკენ სირბილის დროს, შორიდან შევამჩნიე ხე, რომელიც ძალიან ჰგავდა ტყემლის ხეს. ახლოს მივირბინე. ტყემლის ხეს იმდენი ნაყოფი ესხა, რომ ტოტები სიმძიმისგან დაბლა იყო ჩამოწეული. ნუ, ტყემალი რომ მათთან პოპულარული არ იყო იქიდანაც ჩანდა, რომ არც ბაზარში იყიდებოდა და ეს ხეც – მიუხედავად იმისა, რომ არავის ეკუთვნოდა და ნეიტრალურ ზონაში ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი იყო – აშკარად არავის აინტერესებდა. რამდენიმე ჩამოვკრიფე და გავსინჯე. ნიამ, ნიამ. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე მიყვარს. გადავწყვიტე შემდეგი ვარჯიშისას 1-2 ცელოფნის პარკი წამეღო და უკანა გზაზე ჩამომეკრიფა ხე. იმ დღეს სხვა ხეებსაც დავაკვირდი და ტყე-პარკშიც აღმოვაჩინე ტყემლის ერთი ცალი ხე.

მოკლედ, შემდეგ ჯერზე რომ წავედი სარბენად ჩემი გეგმა განვახორციელე და იმდენი ტყემალი ჩამოვკრიფე, რამდენის სახლამდე მიზიდვასაც შევძლებდი. ყველა გამვლელი ინტერესით მიყურებდა. რამდენიმე გაჩერდა კიდეც და რამდენიმე წამი დამაკვირდა. მათ შორის მხოლოდ ერთმა მამაკაცმა გაბედა მოსვლა და კითხვა – “შვილო, რატომ კრეფ ამას? ეს რაღაც ველური ხილია, ველური алыча და არ იჭმევა”. მე ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ და ჩვენ ამ ხილს ვჭამთ და მისგან საწებელსაც ვაკეთებთ-თქო. ძალიან გაუკვირდა, დამარიგა ფრთხილად იყავი მაინცო და წავიდა.

1

ამდენი საჭმელად არ მინდოდა, ძირითადად საწებლის გასაკეთებლად წამოვიღე… მანამდე მხოლოდ სხვების მიერ ტყემლისგან საწებლის გაკეთების პროცესი მქონდა ნანახი, თავად არასოდეს მიცდია. ტყემლისთვის საჭირო მასალა რეცეპტიდან ამოვიწერე და რაც მაკლდა მეორე დღეს, სახლისკენ გზაზე, ბაზარში შევიძინე.

აუცილებელ მასალაში ეს არ ეწერა, მაგრამ ისე მახსოვდა, რომ ტყემალს უხდება ომბალოთი შეკმაზვა. ვიფიქრე – აქ არ მგონია ომბალო ვიშოვო-თქო, მაგრამ შესაბამის დახლებს მაინც ვათვალიერებდი. მწვანილების და სუნელების განყოფილებაში ომბალო არ შემხვდა, მაგრამ ბაზრიდან რომ გამოვდიოდი გასასვლელში იჯდა ერთი ბებო, რომელსაც ჰქონდა რაღაც ბალახები გასაყიდად, მათ შორის წვრილი ყვითელ-ყვავილიანი სარეველა ბალახიც კი. ახლოს მივედი და რას ვხედავ – ომბალოს მსგავსი მცენარეც უდევს. ჩემთვის ვფიქრობ – დავიჯერო ომბალოა?! ბებოს ვეკითხები – ბებო, ეს რა არის? პასუხი – мята болотная (ნუ, როგორც მერე დადასტურდა, იგივე ომბალო – Mentha pulegium). ეს მცენარე ხელში ავიღე და ვცდილობ სუნით მივხვდე ომბალოა თუ არა. ბებო კი ამასობაში აგრძელებს – ‘ამ მცენარის ჩაი არის ძალიან სასარგებლო. თუ უძილობა გაწუხებს და ამის ნაყენს დალევ, კარგად დაგეძინება. ნერვებს ამშვიდებს და დაღლილობასაც შველის’-ო. მე ჩემს გამოძიებაში ვიყავი გართული და ეს ნათქვამი კი გავიგონე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია დიდად. ჩემთვის ვიფიქრე – მე ჩაისთვის არ მინდა ომბალო. ამას უკვე აქვს თავისი დანიშნულება-თქო. თან, ომბალოს ჩაი რაღაც მეუცნაურა. უსაზღვროდ იაფი ფასის გამო (თითო შეკვრა 2 ლეი (20-25 თეთრი)) 2 შეკვრა ვიყიდე და სახლში ბედნიერი დავბრუნდი.

დავდგი ტყემალი გაზქურაზე მოსახარშად და გავამზადე შესაკმაზი მასალა. არც როდინი მქონდა, არც საწური, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტყემალიც ხელით უნდა გამომეკურკა და გამეჩხაკა (როგორც იმერეთში იციან თქმა) და ნიორი, ქინძი, ომბალო და მისთანებიც სხვა ხერხით უნდა დამენაყა. იმ ეტაპისთვის ეს თითქმის შეუძლებლად მეჩვენებოდა და მეზობლების შეწუხებას ვაპირებდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე/მომერიდა.

IMG_4227

მოხარშული (და შეგრილებული) ტყემლის გამოკურკვა / გაჩხაკვა არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც მე მეგონა ან თქვენ გგონიათ. საკმაოდ მარტივად და სწრაფად გაკეთდა იგივე საქმე ხელით და თან კანის პატარა ნაგლეჯიც კი არ დარჩა შიგნით.

IMG_4089
IMG_40902

დანაყვაც მოვახერხე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და ტყემალიც შეიკმაზა. შეკმაზვის დროს რომ ვსინჯავდი, მარილი ან სხვა საკმაზი ხომ არ აკლდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სახლის გემოს მონატრებული ჩემი ხელით ვქმნიდი ტყემლის საწებელს და ძალიან გემრიელი გამოდიოდა. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ეს (ახლა უკვე ჩემთვისაც კი) – ამ პატარა სიხარულმა საკმაოდ დიდხანს გამითბო გული მაშინ.

მოკლედ, ტყემალი გავაკეთე და ძალიან ბედნიერმა შევდგი მაცივარში. მეორე დღის სადილის მენიუც შევადგინე გონებაში.

მაგრამ ომბალო ხომ 2 შეკვრა/კონა ვიყიდე?! ჰოდა, რა თქმა უნდა მთლიანად არ გამომიყენებია ტყემლის შესაკმაზად. საკმაოდ ბევრი იყო.

შევედი google.com-ზე, ჯერ ომბალოს ჩაიზე მოვიძიე ინფორმაცია. რაღაცები კი ეწერა, მაგრამ ძირითადად პირად გამოცდილებაზე. მერე მარტივი ძიებით დავადგინე, რომ ომბალო ინგლისურად ყოფილა pennyroyal. ისევ google-ს მივმართე და ამჯერად ჩავწერე – Pennyroyal Tea და აბა ვინ გამოიცნობთ რა ამომიგდო? ჯგუფ ნირვანას მოყვარულები მაშინვე მიხვდებოდით ალბათ – ნირვანას აქვს სიმღერა სათაურით pennyroyal tea და ძიებისას სწორედ ეს სიმღერა მაჩვენა შედეგების სათავეში. სიმღერის ტექსტის ერთ ნაწილში კურტ კობეინის ნამღერი დაახლოებით ასე ჟღერს პირდაპირ თარგმანში: „ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერ ვიძინებ; მე ვარ მატყუარა და ქურდი; დაჯექი და დალიე ომბალოს ჩაი, მე ვარ ანემიური სიდიადე.“ თუმცა სიმღერისთვის მაშინვე არც კი მომისმენია. ეგრევე ავდექი, დავაყენე ომბალოს ნაყენი/ჩაი და მისი სმის დროს ჩავრთე ეს მუსიკა და ზედიზედ მოვუსმინე მანამ, სანამ ჩაი ბოლომდე ნება-ნებით არ დავლიე.

ესეც თავად ნირვანას “ომბალოს ჩაი” – NIRVANA – Pennyroyal Tea

უძილობა არც მანამდე მაწუხებდა, მაგრამ მაგ ღამით მართლა ძალიან ტკბილად დამეძინა.. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში კი ჩემი მენიუ ასე გამოიყურებოდა:

IMG_4168

IMG_4236

საღამოობით კი ომბალოს ჩაის მივირთმევდი, რა თქმა უნდა ნირვანას მუსიკის თანხლებით.

ჩემი 6-თვიანი მოლდოვური ცხოვრების ამსახველი სხვა კადრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფოტო-ალბომებში:

მოლდოვა

ლუდის ფესტივალი კიშინეუში

ძველი ორჰეი (Orheiul Vechi)

ქურჩის მონასტერი

ლეუშენი და კაპრიანას მონასტერი

უკან, საბჭოთა კავშირში – დნესტრისპირეთი

ჩემი ბინა / my apartment

IMG_0032

[English Text Below]

მეგობრებო,

ვიცი, რომ წესით თანხას ის ადამიანები ითხოვენ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ან სასიცოცხლო საჭიროებები გააჩნიათ. მათთან შედარებით ჩემი თხოვნა ეგოცენტრული გამოჩნდება, რადგან ფული ჩემი ოცნების ასრულებისთვის მჭირდება. თანხა მჭირდება თბილისში, ცალკე ბინაში გადასასვლელად..

მიუხედავად იმისა, რომ მალე 30 წლის გავხდები ჯერ ისევ მშობლებთან ვცხოვრობ. მართალია, მშობლების ბინაში ჩემი საკუთარი ოთახიც მაქვს და არც განსაკუთრებული შეზღუდვები მეკისრება, მაგრამ დამოუკიდებელ ცხოვრებას და თავისუფლებას რა შეედრება?! ცალკე საკუთარ ბინაში ცხოვრების უამრავი მიზეზი არსებობს:

ა. შეგიძლია თავისუფლად დაპატიჟო მეგობრები სახლში, როცა გინდა;
ბ. მოაწყო წვეულებები / შენს მეგობრებთან ერთად იმზარეულო / მოაწყო ფილმის საღამოები, და ა.შ.
გ. აღარ ინერვიულო იმაზე, რომ შენი მშობლები არ დაიძინებენ სანამ სახლში არ მიხვალ;
დ.  არ წახვიდე წვეულებიდან სახლში ადრე მხოლოდ იმიტომ, რომ შენმა მშობლებმა არ გაათენონ ღამე;
ე. გქონდეს შენი სივრცე, სადაც როცა გინდა განმარტოვდები;
ვ. მოაწყო ეს სივრცე შენი გემოვნებით;
ზ. დაალაგო სახლი მაშინ როცა გინდა და დრო გაქვს;

ბინის ყიდვა და ცალკე საცხოვრებლად გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩემს შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრების მიზნად და დიდი ხნის ოცნებად იქცა. ახლა, როგორც იქნა, ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ამ ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოს ვარ. დახმარებასაც ამიტომ გთხოვთ.

სანაცვლოდ მე თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები სამუდამოდ, და თქვენ კი – ზემოთხსენებული პუნქტი ბ-ს უცვლელი მონაწილე ^_^

დამერწმუნეთ, ყოველი ლარით დახმარება ჩემთვის მნიშვნელოვანია 🙂

ჩემი დახმარება შეგიძლიათ Skrill iT-ის მეშვეობით – suemira@gmail.com

 

ძალიან დიდი მადლობა!

_________________________________________________________________

Dear Friends,

I am Miranda from Georgia (the country).

I know that most of the fundraisers ask for money to improve their health or help their loved ones, etc. Compared to such requests mine will seem very selfish, because I need money to make my dream come true and move to my own apartment in my hometown Tbilisi.

Even though I’m 29 years old (soon turning 30) I still live with my parents. Though they try to give me all the comforts (I have my own room and can go in and out when I want), there is nothing better than independent life and freedom. There are many reasons to have your own apartment:
a. You can invite friends over whenever;
b. Have parties / movie nights / cook Georgian or international meals with/for your friends;
c. Not worry about your parents being up until you get home and not leaving a party early only because of that;
d. Have your own space, where you can be alone when you want;
e. Decorate that space according to your taste;
f. Clean and wash things when you want and have time for..
g. Own and have pride in ownership 🙂

Buying an apartment and moving out my parents’ house was a lifetime decision, because it requires a lot of finances. But it has also been my lifetime dream. I finally got to the point in my life when I am closest to fulfilling that dream. Please, help me in that  ^_^

As a return I will be grateful always and forever and will make you a permanent participant in point ‘b’ activities above. If you don’t live in Tbilisi and ever visit it, my place will always be available for you to stay at..

Please, remember – every penny matters 🙂

You can donate money via Skrill iT – suemira@gmail.com

THANK YOU VERY MUCH!

სასმელი წყალი

ჩვენ ვერ გავიგებთ წყლის ფასს, სანამ ჭა არ ამოშრება (ტომას ფიულერი)

ბოლო 3 თვეა რეგულარულად ვსვამ წყალს. შედეგი მალევე აშკარა იყო და მას შემდეგ უკვე წყალზე დამოკიდებული გავხდი.

Hello, my name is Miranda Merkviladze and I’m Aquaholic. ჩემმა ამ სტატუსმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია FB-ზე და შედეგად გადავწყვიტე წყალთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტისთვის და სასარგებლო რჩევისთვის მომეყარა თავი.

ბლოგ-პოსტის დიდი მოცულობის მიუხედავად, გირჩევთ წაიკითხოთ 72-ვე პუნქტი, რომლებშიც ფაქტები და რჩევები დალაგებულია შემთხვევითი შერჩევის გზით და ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან არათემატური თანმიმდევრობით.

 

waters

მაშ, ასე:

  1. საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად ყაბზობა, ხშირად არის დეჰიდრატაციის (გაუწყლოვნების) პირდაპირი შედეგი;
  2. თუ რეგულარულად მიიღებთ წყლის საჭირო რაოდენობას, გულის შეტევის/ინფარქტის რისკი მცირდება 45%-ით;
  3. შენი სხეული მუშაობს წყალბადზე;
  4. თუ წყალი შეიცავს მინერალებს, ქიმიკალებს და ნუტრიენტებს (საკვებ ნივთიერებებს), იგი მას ყველგან თან გაიყოლებს;
  5. წყალში იხსნება გაცილებით მეტი ნივთიერება ვიდრე ნებისმიერ სხვა სითხეში;
  6. დედამიწის მთელი ზედაპირის დაახლოებით 72.5% დაფარულია წყლით;
  7. იმ დროისთვის, როცა შენ მოგწყურდება, შენმა ორგანიზმმა უკვე დაკარგა წყლის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 1%.
  8. როცა წყალი მოგინდებათ ან წყლის წყურვილს იგრძნობთ, აუცილებლად დალიეთ იგი;
  9. წყლის სმა გეხმარებათ იდეალური წონის შენარჩუნებაში, რადგან ზრდის მეტაბოლიზმს და არეგულირებს მადას;
  10. ყველაზე დიდი დრო, რაც ადამიანს გაუძლია მხოლოდ წყლის სმით მყარი საკვების მიღების გაგრძელებამდე იყო 400 დღე;
  11. წყალს გამოაქვს მავნე ბაქტერიები სხეულიდან;
  12. თქვენს სხეულში ნუტრიენტები არიან მანქანები და წყალი არის გზა;
  13. წყალი ბუნებრივი გზით ანოტივებს თქვენს კანს და აძლევს მას ჯანმრთელ შესახედაობას;
  14. თუ ონკანის წყლის დალევა არ გსურთ, რადგან არ იცით რამდენად სანდოა იგი, ჩამოასხით ონკანიდან წყალი ჭიქაში და დადგით 30 წუთის განმავლობაში. შედეგად არასასურველი შენარევების უმეტესი ნაწილი აორთქლდება და თქვენ შეძლებთ მის დალევას;
  15. დეჰიდრატაცია, ანუ წყლის ნაკლებობა არის დღისით დაღლილობის #1 მიზეზი;
  16. ქლორი არის ონკანის წყლის ყველაზე ხშირი არასასურველი შენარევი. მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს 50-60 პროცენტით მეტი ქლორი აქვთ მკერდში ვიდრე ჯანმრთელ ქალებს;
  17. თქვენი სხეული მეტ ენერგიას იყენებს მაშინ, როდესაც თქვენ გძინავთ, ვიდრე დღის განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია წყალი დალიოთ ძილის წინ და გაღვიძების შემდეგ, რადგან შეივსოთ მარაგი;
  18. მთელს დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 3% არის სასმელად ვარგისი წყალი, დანარჩენი 97% არის ოკეანეებში, რომელსაც აქვს მარილის საზიანო რაოდენობა წყალში;
  19. სათანადო რაოდენობის წყლის მიღების შემთხვევაში, დღის ბოლოს შეგიძლიათ რამდენიმე გრანულა მარილი დაიდნოთ ენაზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენს ღრმა და ბუნებრივ ძილს;
  20. წყალი დუღდება 100 გრადუსზე და იყინება 0 გრადუსზე.
  21. წყლის დალევის შემდეგ, ორგანიზმს სჭირდება დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე, რათა მიაწოდოს იგი ყველაზე საჭირო უბნებს თქვენს ორგანიზმში;
  22. წყალი არის დედამიწაზე არსებული ერთადერთი ნივთიერება, რომელიც არსებობს აირად, მყარ და თხევად მდგომარეობაში;
  23. 1 ფორთოხლის გაზრდისა და მოყვანისთვის საჭიროა დაახლოებით 13.7 გალონი წყალი (დაახლოებით 50 ლიტრი);
  24. არსებობს უამრავი შემთხვევა, რომელიც ცხადყოფს, რომ წყლის რეგულარული და სათანადო მიღებით სერიოზულად შემცირდა ან გაქრა კიბოს უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე;
  25. კარგი პრაქტიკაა თუ ყოველ დილით დალევთ ორ ჭიქა წყალს და მიაყოლებთ მწიკვ მარილს;
  26. ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა იდეალური ვარიანტი, თუმცა ცივი წყლის დალევაც არ არის მავნებელი. ზოგიერთი ჯანმრთელობის პროფესიონალი დილით ჭიქა ყავის ნაცვლად სვამს ერთ ჭიქა ცხელ წყალს;
  27. თუ თქვენ აუცილებლად უნდა დალიოთ ყავა, მაშინ რეკომენდებულია დალიოთ იმდენივე წყალი. ეს საჭიროა რათა განეიტრალდეს შარდმდენობაზე მოხდენილი ეფექტი;
  28. უკოფეინო ყავა მაინც შეიცავს კოფეინს, თუ იგი 100%-ით ბუნებრივად კოფეინის გარეშე არ არის;
  29. არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა სახეობის ჩაი და ნაყენი, სანამ მათ დალევთ კარგად გაეცანით მათ კოფეინის შემცველობას;
  30. წყალი არის უკალორიო და უკოფეინო. ამას გარდა იგი არის იაფი და მზა.
  31. თქვენი სხეული მუდმივად ანაცვლებს ძველ უჯრედებს ახლით. იგი წამში მილიონ ასეთ მოქმედებას აკეთებს. წყალი დიდ როლს თამაშობს თითოეული ამ უჯრედის ჩანაცვლებაში;
  32. მნიშვნელოვანია რომ დღიური წყლის ნორმა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადაანაწილოთ დღის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მეტაბოლიზმს სათანადოდ გამოიყენოს მიღებული წყალი. თუ წყალს სასურველზე ოჯერ მეტი რაოდენობით დალევთ დღეში ან თუ თანაბრად არ გადაანაწილებთ და ერთ დალევაზე ძალიან ბევრს დალევთ, შესაძლოა გამოსცადოთ წყლისგან ინტოქსიკაცია/მოწამვლა/დათრობა;
  33. თქვენი სხეული შეაკავებს წყალს ორგანიზმში თუ იგი არასაკმარისად არის გამოყენებული სწორი ჰიდრატაციისთვის. ამის გამო შესაძლოა თქვენი სხეულის წონა გაიზარდოს. ეს თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერს, მაგრამ იმისათვის რომ წყლის შეკავება აიცილოთ თავიდან უნდა მიიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი ყოველდღიურად;
  34. ერთი ჭიქა წყალი არის დაახლოებით 225 მლ;
  35. როცა წყალს სვამთ, კარგია თუ დალევთ ყლუპ-ყლუპობით. მოერიდეთ წყლის ქოშინით დალევას. პირველი რამდენიმე ყლუპის გადაყლაპვამდე სასურველია თუ პირში მას შეურევთ თქვენს ნერწყვს, რადგან კუჭი (და ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემა) მზად იყოს დანარჩენი წყლის მიღებისთვის;
  36. ყინულიანი წყალი არის ერთადერთი ანტი-კალორიული სასმელი. მას არ გააჩნია კალორიები და ორგანიზმისგან მოითხოვს მინიმალურ ენერგიას, რომ იგი შეუსაბამოს ორგანიზმის ტემპერატურას;
  37. ხშირი დეჰიდრატაციის/გაუწყლოვნების პირობებში თქვენი სისხლი სქელდება და თქვენი სისხლძარღვები ვიწროვდება. ეს აიძულებს თქვენს სხეულს რომ მეტი იმუშაოს რათა გადაადგილოს სისხლი, რაც იწვევს არასასურველ (მაღალ ან დაბალ) წნევას;
  38. თუ გავიწყდებათ წყლის მიღება, დათქვით კონკრეტული დროები როცა მიიღებთ წყალს;
  39. წყლის სათანადო რაოდენობით მიღება შეამცირებს უჯრედის წყლის კარგვას, რაც თავის მხრივ შეამცირებს უჯრედის მოცულობის შემცირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რეგულარულად მიიღებთ წყალს, უფრო დიდხანს იქნებით ახალგაზრდა;
  40. ადამიანების მიერ გამოყენებული ნედლი წყლის 70% გამოყენებულია სოფლის მეურნეობაში;
  41. შესაბამისი ტემპერატურისა და წნევის პირობებში წყალს შეუძლია ერთდროულად იარსებოს აირად, მყარ და თხევად მდგომარეობაში;
  42. ამ მომენტისთვის საკმარისი ნედლი წყალია დედამიწაზე იმისათვის რომ ყველა ადამიანმა მიიღოს დაახლოებით 3 ლიტრი წყალი დღეში კიდევ მომავალი 10 240 წლის განმავლობაში. თუმცა აორთქლების წყალობით წყლის მიღება უსასრულოდ გაგრძელდება;
  43. ყოველდღიურად მზე დაახლოებით ტრილიონ ტონა წყალს ააორთქლებს დედამიწიდან;
  44. ერთ ხეს შეუძლია მოგვცეს დაახლოებით 265 მლ წყალი ყოველდღიურად, აორთქლების გზით;
  45. შენი სხეულის ყველა უჯრედს სჭირდება წყალი. შენი სისხლის 94% არის წყალი. შენი ტვინის 85% არის წყალი. დანარჩენი ქსოვილები 75%.
  46. ადამიანები არიან ერთადერთი ცნობილი სახეობა, რომელიც წყლის გარდა რეგულარულად იღებს სხვა სასმელს;
  47. თუ ყურადღებით დააკვირდებით კატას ან ძაღლს, ისინი წყალს დალევენ და 30 წუთი დაიცდიან საკვების მიღებამდე, თუ მანამდე საკვები მიწოდებული არ იქნება სხვის მიერ;
  48. თქვენი ენერგია არ მოდის საკვებისგან, რომელსაც თქვენ მიირთმევთ. იგი მოდის წყლიდან, რომელიც ათავსებს წყალბადის ატომებს საკვებში. საკვები გაძლევთ საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს;
  49. იდეალურ შემთხვევაში თქვენ წყალი უნდა დალიოთ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და საკვების მიღებიდან 2.5 საათის შემდეგ. თუმცა, თუ კვების დროს იგრძნობთ წყურვილის გრძნობას, შეგიძლიათ ერთი-ორი ყლუპი წყალი დალიოთ;
  50. თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იქნას წყლის ნაკლებობით. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი არასაკმარის მარაგს პირველ რიგში ტვინში არსებული წყლიდან ივსებს 😉
  51. გაუწყლოვნების მდგომარეობაში ორგანიზმი წყალს საკუთარი მარაგიდან ხარჯავს. სესხს იღეს ტვინიდან, ფილტვებიდან, სისხლიდან და ა.შ. ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან შესაძლოა მოყვეს სამედიცინო გართულებები.
  52. ალკოჰოლის მიღებისას, ალკოჰოლი განაგდებს წყალს ტვინიდან, რაც იწვევს ნაბახუსევს. შედარებისთვის – ცივ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ალკოჰოლს ამატებენ საწვავს, რათა საწვავიდან გამოვიდეს წყალი და არ გაიყინოს ზამთარში;
  53. წყლის ფიზიკური და ქიმიური საკუთრებები უჩვეულოდ ჩახლართულია. ჯერ კიდევ არ არის იგი სრულად გაშიფრული;
  54. ამოსუნთქვის დროს ჩვენ ასევე ამოვისუნთქავთ წყალს; ამიტომაც არის, რომ ჭიქაზე ან სარკეზე ამოსუნთქვის (მიორთქლების) დროს წარმოიქმნება სინოტივე;
  55. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ადვილად მოსანელებლად ითვლებიან, წყლით არიან გაჯერებულნი;
  56. დიურეტიკი (diuretic) ანუ შარდმდენი არის ნებისმიერ რამ რაც ზრდის შარდის გამოყოფას; იგი იწვევს შენი სხეულიდან წყლის გამოდევნას. ყველაზე ცნობილი დიურეტიკია კოფეინი;
  57. შენი ორგანიზმის კარგი ჰიდრატაციის დონის შემოწმების ერთი მეთოდი არის შარდის ფერის შემოწმება. რაც უფრო ღიაა შარდის ფერი, მით უკეთესი.
  58. სუფთა H2O არის უგემო და უსუნო. წყალს გემოს აძლევს მასში გახსნილი სხვადასხვა მინერალები;
  59. სიცოცხლის ყველა ცნობილი ფორმა დამოკიდებულია წყალზე;
  60. წყლის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა პროტეინისა და გლუკოზის ფორმირების ენერგიის წყაროდ არსებობა;
  61. მდინარეებთან და ფარვატერებთან სიახლოვე არის ცივილიზაციის განვითარების პირველადი ფაქტორი;
  62. სხეულის 15-25% გაუწყლოვნების შემთხვევაში ფატალური შედეგი გარდაუვალია;
  63. დეჰიდრატირებული სპორტსმენი 30%-ით კარგავს შესაძლებლობებს;
  64. მცირე გაუწყლოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბნეულობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და უხასიათობა;
  65. მკვეთრი გაუწყლოვნება იწვევს ლეთარგიას, მოდუნებულობას, გულის წასვლას, აპოპლექსიურ დამბლას;
  66. წყურვილის გრძნობა მცირდება ასაკთან ერთად, შესაბამისად რაც უფრო დრო გადის მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ არ დაგვავიწყდეს წყლის მიღება;
  67. პირღებინებისა და დიარეას დროს ადამიანმა შესაძლოა იმდენად დიდი რაოდენობის წყალი დაკარგოს, რომ საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა;
  68. როდესაც დეჰიდრატირებული ხართ, ზღვის წყალი და ალკოჰოლი გააუარესებს თქვენს მდგომარეობას;
  69. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება არის ჟანგბადი, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის წყალი, მესამე ადგილს კი მარილი იკავებს;
  70. მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ დრომდე წყალს არ იღებდით საკმარისი რაოდენობით და ახლა აპირებთ დაიწყოთ წყლის რეგულარული მიღება, გაითვალისწინოთ, რომ ეს მოახდინოთ ეტაპობრივად, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში;
  71. და ბოლოს, თქვენთვის რეკომენდებული დღიური ნორმა არის თქვენი სხეულის წონაზე დამოკიდებული. მაგალითისთვის, თუ ხართ 70 კგ წონის, თქვენი დღიური ნორმა არის დაახლოებით 2,5 ლიტრი წყალი. მეტი წონის შემთხვევაში წყლის დღიური ნორმა მატულობს, ხოლო თუ ნაკლებს იწონით წყლის დღიური რაოდენობაც ნაკლები იქნება; ფუნტებსა და უნციებში თუ ერკვევით მაშინ შეგიძლიათ საჭირო რაოდენობა მათი დახმარებით გამოიანგარიშოთ – თქვენ გჭირდებათ თქვენი წონის (ფუნტებში) ნახევარი წყალი (უნციებში).
  72. გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

wateri

ალუჩის დღე

სუსხიანი ღამე იყო. სახლში ძალიან ციოდა. გარეთაც.. მაგრამ სახლში – უფრო. გარეთ, ხეები ასაფეთქებლად გამზადებულიყვნენ, მაგრამ ნახევრად გაკვირტულები თითქმის ერთი თვე უმოძრაოდ იყვნენ, თითქოს მსაჯის სასტვენს ან რამე ნიშანს ელოდებიანო.

სიცივის გამო დაძინება გამიჭირდა. ვერაფრით გავთბი… სიცივეს ძვლებამდე ვგრძნობდი. ჯანდაბა.. არადა უკვე აპრილი იყო, 26 აპრილი. ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა… გათბობა ვერ მოვახერხე, მაგრამ ისე დავიღალე, რომ ძილმა მაინც მძლია. სიზმარში გაზაფხული მესიზმრა.. მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები.

მეორე დღე, 27 აპრილი, შაბათი იყო. რადგან სამსახურში არ მივდიოდი, ღამის უძილარი დილით ადრე ადგომას არ ვგეგმავდი… მაგრამ… დილის 10 საათისთვის ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ‘მაღვიძარამ’ ჯერ მომიკითხა, შემდეგ კი მომახსენა, რომ ჩემთვის რაღაც საჩუქარი ჰქონდა თურქეთიდან და ლანჩზე დამპატიჟა საჩუქრის გადმოსაცემად. ბოლომდე გამოფხიზლებულიც არ ვიყავი ისე დავთანხმდი.

ტელეფონი გავთიშე და ადგომა გადავწყვიტე. ჩვეულებისამებრ, ადგომისას პლედი მოვიხურე, მაგრამ ვიგრძენი რომ არ მციოდა… განა უბრალოდ არ მციოდა, პლედში დამცხა კიდეც. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. მსუბუქმა თბილმა ნიავმა დაუბერა… გარეთ გავიხედე და დავინახე მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები. წამიერად გავიფიქრე, რომ ისევ სიზმარში ვიყავი და თვალები ავახამხამე და მოვიფშვნიტე. მაგრამ ფანჯრიდან ისევ მწვანე ბალახი, მზე და ფოთლიანი ხეები ჩანდა.. და კიდევ აყვავებული იასამანი, წითელი ტიტები და რაღაც თეთრი ყვავილები.

Tetri kvavili   Iasamani

(ოღონდ, ეს 2 ფოტო 1 მაისს გადავიღე)

ერთ ღამეში ასეთი მკვეთრი ცვლილება იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ ისიც კი ვიფიქრე, ისევ წამიერად, რამდენიმე დღე გადაბმულად ხომ არ მეძინა-თქო..

როცა დავრწუმდი რომ არც სიზმარში ვიყავი და არც რამდენიმე დღიანი ძილქუში დამმართნია, ფანჯრის რაფას იდაყვებით ჩამოვეყრდენი და რამდენიმე წუთი ჩუმად ვუყურებდი და ვტკბებოდი ცხადში ახდენილ ჩემ სიზმარს.

ამ დროს ჯერ არ ვიცოდი, რომ წინ კიდევ ერთი დიდი სიხარული მელოდა…

სახლიდან გარეთ რომ გავედი სითბო კიდევ უფრო კარგად ვიგრძენი. პროგნოზის მიხედვით იმ მომენტისთვის ჰაერის ტემპერატურა 31*C იყო.. ჰოი, საოცრებავ.

შეთანხმებული ლანჩისთვის შორს წასვლა არ მომიწია. შეხვედრის ადგილი, ჩემსავე ქუჩაზე არსებული Fresh-Line Café იყო. ეს ის კაფეა, რომელსაც სამსახურიდან სახლისკენ მომავალი ყოველ დღე ჩავუვლიდი ხოლმე და ერთადერთი რასაც გარედან ვხედავდი სტაფილოსფრად და მწვანედ განათებული სახელწოდება იყო. ახლა კი სულ სხვა სურათი დამხვდა – სახელწოდებას ეფარებოდა გარეთ გამოტანილი ხის მაგიდები და სკამები, მათ თავზე გაშლილი ქოლგები და ქოლგების თავზე ფოთლიანი და ყვავილებიანი ხეები. ფოთლებსა და ქოლგებს შორის შემოპარული მზის სხივები კი იქაურობას კიდევ უფრო მეტად ალამაზებდნენ.

‘მაღვიძარა’ და მისი საჩუქარი ერთ-ერთ მაგიდასთან მელოდნენ. საჩუქარი ქაღალდის პარკში იდო და გარედან ვერ გამოვიცანი რა იყო, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ მომიწია.

საჩუქარი იმაზე სასიხარულო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ან ვიდრე შეიძლებოდა წარმომედგინა – ალუჩა. ა-ლ-უ-ჩ-ა. ვინც მე კარგად მიცნობს ყველამ იცის ჩემი და ალუჩის სიყვარულის ისტორიები. ჩემი საყვარელი ხილის სია ალუჩით იწყება, წლიდან წლამდე ველოდები ალუჩის სეზონს, როცა სეზონი მოდის შემიძლია მთელი დღე ალუჩის მეტი არაფერი ვჭამო… ოდესმე ყოფილხართ იმდენად გახარებული რომ სიტყვებით გადმოცემაც გიჭირთ და ემოციებითაც და სხვებს ჰგონიათ, რომ არ გიხარიათ?! აი, ზუსტად მასე გამიხარდა მეც ალუჩის დანახვა. გავშრი, თავბრუ დამეხვა…   სპეციალურად ჩემთვის, სპეციალურად თურქეთიდან, მოულოდნელი და განუმეორებელი საჩუქარი – ალუჩა.

Alucha

სახლში დავბრუნდი თუ არა ლამის მთელს ალუჩას მუსრი გავავლე. ერთ დღეში ამდენი სიხარული და დადებითი ემოცია მივიღე და ჯერ კიდევ შუადღე იყო.

ასეთ კარგ ამინდში და ასეთ კარგ განწყობაზე სახლში ყოფნა დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. როცა ბედნიერი ხარ უნდა შეირგო და კარგზე უნდა იფიქრო.

ზუსტად ვიცოდი რა დამეხმარებოდა ამ დღის კიდევ უფრო გახალისება-გალამაზებაში. მუსიკა iPod-ის ყურსასმენებში, ფეხზე ადიდასის ბოტასები და სირბილი. ტყე… სიმწვანე.. ტბა.. სიმწვანე.. ყვავილები.. სუფთა ჰაერი.. სიმწვანე..

წარმოიდგინეთ მწვანე ტყე, ტყეში 4 ტბა, ტბების ირგვლის მიმოფანტული მოპიკნიკეები, ერთ-ერთ ტბასთან პატარა მდელო, მდელოზე კი – ბუნებასთან შეხამებული ყვითელი ტრენაჟორები. დავრბოდი ამ ყველაფერს შორის, ვუყურებდი სილამაზეს, ვგრძნობდი სითბოს და მიხაროდა.

IMG_2195      IMG_2180

IMG_2203      IMG_2207

IMG_2210

IMG_2183

ტყე-პარკიდან სახლში ძუნძულით დავბრუნდი (დაშორება სულ 2-3 ბლოკია). ყველა ეზოში სამეზობლო იყო გამოშლილი. ერთ ეზოში, სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მეორე ეზოში სხვა ბავშვები – კალათბურთს; მომდევნო ეზოში ახალგაზრდა წყვილი ბავშვს ასეირნებდა; შემდეგში – მეზობლები იყვნენ შეკრებილნი, ჭუკჭუკებდნენ და იცინოდნენ; კიდევ შემდგომ ეზოში ვიღაც ქალი ეზოს აწესრიგებდა… ნეტა მართლა ერთ დღეზე მეტხანს ხომ არ მეძინა – კიდევ ერთხელ, უნებურად, გავიფიქრე…

სითბოთი და დადებითი ენერგიით დამუხტული დავბრუნდი სახლში…

ადრე მეგონა, რომ ჩემი საყვარელი სეზონი ზაფხული იყო. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი სეზონი გაზაფხულია, ზაფხულური გაზაფხული, რომელმაც კიშინეუში ერთ ღამეში ჩაანაცვლა ზამთრული სიცივე…

ალბათ მზე, სითბო და ფოთლებიანი ხეები ასე ძლიერად იმიტომაც გამიხარდა, რომ განსაკუთრებულად დიდხანს მომიწია მისთვის ლოდინმა. ჯერ იყო და ინგლისის ნაცრისფერი ცა მთრგუნავდა, მერე ზამთარი იყო და ლამის ორწლიანი სიგრილის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გვიანი გა/ზაფხული, რომელიც 3 ან 4 დღე კი არა 3 ან 4 თვე დარჩება ჩემთან…

მინაწერი: 27 აპრილს კი მწვანე ბალახის, მზის, ფოთლიანი ხეებისა და ალუჩის დღედ ვაცხადებ…IMG_2182

IMG_2188

IMG_2184      IMG_2191

საქართველო, მოლდოვა და განსხვავებები 10 მსგავსებაში

flag GEO                   flag MOL

შენიშვნა: ჩანაწერში არსებული ინფორმაცია ეყრდნობა სხვადასხვა, წერილობით და ზეპირ, წყარო და შესაძლოა შეიცავდეს უზუსტობებს, განსაკუთრებით ისტორიულ საკითხებთან მიმართებაში.

____________________

როცა ადამიანი სხვა ქვეყანაში ჩადის თავისდაუნებურად მალევე ამჩნევს იმ აშკარა მსგავსებებსაც და განსხვავებებსაც, რომელიც იმ ქვეყანასა და მის ქვეყანას შორის არის. მაგრამ ნაკლებად მკვეთრი განსხვავებებისა და მსგავსებების დანახვას შედარებით მეტი დრო სჭირდება.

ალბათ თითო მსგავსებისა და რამდენიმე განსხვავების პოვნა ყველა ქვეყანას შორის შეიძლება, მაგრამ თურმე შეიძლება იმდენი რამ ნახო საერთო, რომ ზოგჯერ შენი ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში გეგონოს თავი, სადაც უბრალოდ მანამდე არ ყოფილხარ და პირველად ჩახვედი. მოლდოვას რესპუბლიკაში (შემდგომში ‘მოლდოვა’) ექვსი თვით ჩამოვედი ექვსი კვირის წინ და კიშინეუში დავსახლდი. ამ პერიოდში ბევრი მსგავსება დავინახე ამ ორ ქვეყანას შორის. ზოგი მსგავსება ძირეულია, ზოგი კი თითქოს – უმნიშვნელო და სასაცილოც კი, მაგრამ მე მაინც მეხმარება თავი გარკვეულწილად სახლში ვიგრძნო.

ამ მსგავსებების გამომწვევი მიზეზებიც საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა სფეროს მოიცავს. თუმცა, ამ პოსტში მე ასეთი სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას არ ვაპირებ; ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ დროს და კვლევას მოითხოვს და მეზარება, და მერე მეორეც საკმარისად კომპეტენტური არ ვარ და რამე აუცილებლად შემეშლება და მოკლედ, აზრი არ აქვს.

მე უბრალოდ გარკვეული შესავლისა და სიის დახმარებით ზოგადად მიმოვიხილავ ამ ორ ქვეყანას შორის მსგავსებებს და ზოგიერთ ამ მსგავსებაში განსხვავებებს. map of caucasus countries

უფრო ადრეულ საუკუნეებს გადავახტები და დავიწყებ იმით, რომ მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, 1918 წლამდე გარკვეული პერიოდით რუსეთის იმპერიის მიერ იყო ანექსირებული. შემდეგ, როგორც საქართველომ, მანაც ცოტა ხნით დამოუკიდებლობა მოიპოვა; მერე რუმინეთს შეეკედლა, მაგრამ საქართველოს მსგავსად, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც შევიდა, ასევე იძულებით, და კავშირის დაშლამდე მის შემადგენლობაში იყო. 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახლა ორივე ე.წ. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა. მოკლედ, უახლოეს წარსულსა და ისტორიაში ამ ორ ქვეყანას საერთო ბევრი აქვს.

ამას გარდა მოლდოვაც და საქართველოც პატარა ქვეყნები არიან. მოლდოვა ოდნავ უფრო პატარა ვიდრე საქართველო. ამ ორი ქვეყნის მოსახლეობებიც 4 მილიონი ადამიანის ირგვლივ მერყეობენ. ორივე ქვეყნის კურსი დასავლურია. ორივე არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა. ორივე ქვეყანა განეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპას (ევროკავშირის მრავალენოვანი განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით). ორივე ქვეყანას გამოთქმული აქვს სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ისწრაფვის ამისკენ. ამ კონტექსტში მოლდოვა და საქართველო ხშირად მოიხსენიება ერთმანეთის გვერდით.

უკვე ამ ყველაფრითაც ცხადია, რომ საქართველოს და მოლდოვას საერთო ნამდვილად ბევრი აქვს, მაგრამ მე დამატებით შემოგთავაზებთ 10 მსგავსებას რაც აქ ყოფნის დროს მახსენებს საქართველოს.

1. სამარშრუტო ტაქსები, ე.წ. ‘მარშრუტკები’

ჩამოსვლისთანავე ახლობელი და თვალშისაცემი იყო ქალაქში მოძრავი მარშრუტკები.

მსგავსებები – ისინი ყველგან არიან. არის რამდენიმე სამარშრუტო ხაზი. აჩერებენ ყველგან და ყოველ 3 მეტრში. ტარების მანერებითა და მგზავრებისადმი დამოკიდებულებით, მძღოლები აქაც სრულად აკმაყოფილებენ ‘მარშუტკის მძღოლების’ სტერეოტიპულ იმიჯს.

განსხვავებები – აქ ჯერ კიდევ სხვადასხვა ფირმის, ფორმისა და ფერის მარშრუტკები დადიან, არ ‘გაყვითლებულან’. მგზავრობის საფასურის გადახდა ხდება ტრანსპორტში ასვლისთანავე და თუ ხურდა უნდა დააბრუნოს მძღოლმა და ამასობაში მგზავრი დაჯდა ხდება ამ ფულის გადაწოდება-გადმოწოდებები.

მინაწერი – თავისუფალი ადგილების არსებობის მიუხედავად, ხშირად მგზავრები ფეხზე დგომას ამჯობინებენ. მარშრუტკის გარდა კიშინეუში დადის ტროლეიბუსი. სარეისო ავტობუსები – ძალიან ცოტა, ხოლო მეტრო ქალაქში არ არის. რაც შეეხება ტაქსის, ქუჩაში თითქმის არ დადიან, მხოლოდ კანტი-კუნტად და ხშირად მგზავრი უკვე ჰყავთ, ქალაქის ცენტრში მითუმეტეს. ძალიან დიდხანს შეიძლება მოგიწიოს ლოდინი, რომ ცარიელმა გამოიაროს. ტაქსების კომპანიების ნომრებმა, ჩემს მობილურში უკვე შვიდს მიაღწია.

1 marshrutka 1 yellow_minibuses

1 Trolleybus_Chisinau  1 Tbilisi Bus  1 tbilisi_metro

1 Taxi

2. მიწისქვეშა გადასასვლელები

მსგავსებები – მოსკოვის ბულვარზე მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ჩავდივარ, მგონია ორბელიანის მოედანზე რომ მიწისქვეშაა იქ  ჩავედი. ზოგადად, აქაური მიწისქვეშა გადასასვლელები გვანან თბილისისას. აქაც მაღაზიებია მოწყობილი და ძირითადად იმავე დანიშნულების ნივთები იყიდება, რაც თბილისში.

განსხვავებები – სუვენირების მაღაზია ჯერ არ შემხვედრია. სამაგიეროდ შემხვდა ჩირების, თხილეულობისა და ხილის მაღაზია/კაბინა, სადაც ერთხელ ქიშმიში ვიყიდე და მეორედ ვაშლი. მიწისქვეშა გადასასვლელების რაოდენობა შესამჩნევად უფრო ნაკლებია აქ, ვიდრე თბილისში.

2 Chisinau

2 tbs

3. არქიტექტურა / კორპუსები

არანაკლებ თვალშისაცემი იყო ხრუშოვის დროინდელი და უფრო მოგვიანებითი პერიოდის საბჭოთა არქიტექტურა, ე.წ. კომუნისტური კორპუსები (Commieblocks).

მსგავსებები – 1950-60-იან წლებში და მას შემდეგ აშენებული კორპუსები, რომელთა მიზანი იყო – დაბალი ხარჯი, მშენებლობის უფრო მოკლე ვადები, მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით მასიურად უზრუნველყოფა, ხოლო შედეგი – ამ მიზნების მიღწევასთან ერთად, უსახური კორპუსები. იმდროინდელი საცხოვრებელი ბინების  პროექტები, როგორც წესი, არ იყო გარეგნულ იერსახეზე დიდად ორიენტირებული, რადგან ისინი დროებით საცხოვრებელ სახლებად ითვლებოდნენ, თითქოს და სანამ კომუნიზმი დაღვინდებოდა და ბინების უკმარისობის პრობლემა აღარ იარსებებდა.

ალბათ ეს არქიტექტურული მსგავსება არამხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი უმეტესი ქვეყნისთვისაც.

განსხვავებები – აქ, როგორც დავაკვირდი, უმეტესად 5 სართულიანი კორპუსებია, ე.წ. ‘ხრუშჩოვკა’ პროექტებით. ამას გარდა არ ვიცი რატომ, იმის გამო, რომ კიშინეუ პატარაა და გარეუბნები ცენტრთან ახლოს არიან, თუ უბრალოდ მე მეჩვენება, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ასეთი კორპუსები აქ უფრო მეტია, და ყველგან არიან, ცენტრალური ქუჩების გარდა.

მინაწერი – მართალია Commieblock-თან კავშირში არ არის, მაგრამ მაინც აქვე დავწერ, რომ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გავს ვაკეს და ზოგი – სოლოლაკს. არქიტექტურულადაც არის გარკვეული მსგავსებები, მაგრამ ვაკე უფრო ლამაზია და სოლოლაკი უფრო ძველი. ალბათ სუბიექტურობაში ჩამომერთმევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად თბილისი გაცილებით უფრო ლამაზი და ტურისტულად მიმზიდველია, ვიდრე კიშინეუ.

3 Chisinau

3 Moldova, Chisinau 3 Tbilisi

4. ბიზნესკომპანიები

ასევე თვალშისაცემია სხვადასხვა კომპანია/ბიზნესი, რომელიც საქართველოშიც არის:

მაგალითად – ლუკოილი, რომპეტროლი (ეს აქ რომ არ ყოფილიყო გასაკვირი იქნებოდა), სოსიეტე ჟენერალი, პროკრედიტ ბანკი, მოლდსელი (თელია სონერა, როგორც ჩვენთან ჯეოსელი), სუპერმარკეტი ფურშეტი და ა.შ. შეიძლება რამე გამომრჩა… ეს თითქოს დიდი არაფერი მსგავსებაა, მაგრამ ქუჩაში რომ მიდიხარ და არის შენობა და აწერია ProCredit Bank და მერე ბენზინგასამართი სადგური შეგხვდება Rompetrol, იმის გვერდით LukOil, მერე ჯეოსელის იისფერ ლოგოს მოკრავ თვალს, უცებ ბანკი რესპუბლიკა შემოგეჩხირება თვალებში, მერე ქუჩაში მიდიხარ და ‘Dublin’-ს გადააწყდები, ხომ გეგონება რაღაც მომენტში მაინც თავი სამშობლოში (არა?! :D).

4 chisinau romp

4 rompetrol

4 LukoilLogo

4 Procredit_Bank  4 Moldcell  4 Geocell

5. რუსეთის ‘სიყვარული’

თავიდან ეს ფენომენი დიდად შესამჩნევი არ იყო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი.

მსგავსებები – რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა არც ჩვენ გვიყვარს და არც ამათ.

განსხვავებები – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც არ გვიყვარს რუსეთი, ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩვეულებრივი რუსების მიმართ ისეთი აგრესია არ არის, როგორიც აქ. ოღონდ აგრესია არის ფარული, და უმეტესწილად არაპირდაპირი. შეიძლება აქ მეტი აგრესია იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოსახლეობის გარკვეულ პროცენტს რუსები შეადგენენ. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რაც ჩემი თვალით ვნახე ან ჩემს თავზე გამოვცადე. თუკი ვინმე უხეშად ლაპარაკობს, ან ჩხუბობს, ან ‘სწერვობს’, ამბობენ – ეს უეჭველი რუსი იქნებაო; ჩემი დაკვირვებით, ვინმე მანქანას ცუდად თუ ატარებს ამბობენ ‘უეჭველი რუსიაო’. რა თქმა უნდა ეს სტერეოტიპია, მაგრამ როგორც დავაკვირდი საკმაოდ მძაფრადაა ეს სტერეოტიპი გამჯდარი ცნობიერშიც და ქვეცნობიერშიც. იმ დღეს ქალაქში მანქანით მივდიოდით, საჭესთან ჩემი თანამშრომელი იჯდა. ერთ-ერთ შუქნიშნიან გადასასვლელთან ერთი გოგო ძალიან მოულოდნელად, მისთვის წითელ შუქზე გადმოგვიხტა წინ და ისეთი თვალებით შეგვხედა, რომ მგონი მზერით აპირებდა ჩვენს დაწვას. ჩემმა თანამშრომელმა გადმომილაპარაკა, ეს უეჭველი რუსი იქნებაო. მართლაც, რუსულად რაღაცეები მოგვაძახა. კიდევ, რადგან მე რუმინული ენა არ ვიცი და მოსახლეობის უმრავლესობამ ინგლისური არ იცის, ამიტომ როცა მათთან საუბარი მჭირდება რუსულად ველაპარაკები. უკვე რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ რუსულად ლაპარაკი რომ დავიწყე, სახის გამომეტყველება შეეცვალათსავით დაახლოებით ასეთი მიმიკით – ხოხ, რუსი ბრძანდები?! მაგრამ ჩემი ‘წყალივით’ რუსულის გამო მალევე ხვდებიან რომ რუსი არ ვარ და დამოკიდებულება ისევ იცვლება. ისე, ჩემს სამეზობლოში ბევრი რუსი და უკრაინელი ცხოვრობს და მათ, ბუნებრივია, არ აქვთ ასეთი რეაქციები, ჩემს რუსულენოვნებაზე, იმიტომ, რომ რუმინული ბევრმა არც იცის. არ ვიცი, შეიძლება ვამეტებ და მეჩვენება, მაგრამ ვფიქრობ ესენი ჩვენზე მეტად რუსოფობები არიან.

5 we Love Russia

6. ღვინო

მოლდოვა, საქართველოს მსგავსად ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა.

მსგავსებები – ორივე ქვეყანა ძალიან ამაყობს საკუთარი ღვინის წარმოებით. ორივე ქვეყანაში უკვე საუკუნეებია ღვინო იწარმოება. ამ დროისთვის ღვინის სამშობლოდ და აკვნად საქართველო ითვლება, მაგრამ მოლდოველებმაც დიდი ხნის წინ (დაახლოებით 5000 წლის წინ) დაიწყეს ყურძნისგან ღვინის დაყენება. საერთო, ქართულ და მოლდოვურ ღვინოებს შორის ისიც არის, რომ რუსეთსა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვისა და დიპლომატიური კონფლიქტის შედეგად 2006 წელს რუსეთმა აკრძალა ქართული და მოლდოვური ღვინოების ექსპორტი რუსეთში.

განსხვავებები – ამას აღნიშვნა არ სჭირდება, მაგრამ მაინც დავწერ, რომ ქვევრში მოლდოველები ღვინოს არ აყენებენ. ქვევრის ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია. მოლდოვური ღვინის დაგემოვნების საშუალება მომეცა, პურკარის მიერ წარმოებული ღვინო დავლიე და ოჯახში დამზადებული ღვინოც ორჯერ დავაგემოვნე და გარკვეულ განსხვავება გემოში ვიგრძენი  აქაურ და ქართულ ღვინოებს შორის (რა თქმა უნდა თუნდაც იმის გამო, რომ ყურძნის სხვა ჯიშებს იყენებენ და თან აქ სხვა მიწაა და ალბათ ღვინის დაყენების ტექნოლოგიაშიცაა საქმე). მიუხედავად იმისა, რომ ღვინო მიყვარს, ამ განსხვავების აღწერა გამიჭირდება, რადგან მე არც მოყვარული მეღვინე ვარ და არც ენოლოგი.

მინაწერი – პურკარის (Purcari) მხარეში იწარმოება ღვინო Negru de Purcari, რომელსაც ადგილობრივები ‘ინგლისის დედოფლის ღვინოს’ უწოდებენ, რადგან დედოფალი ელისაბედ II რეგულარულად უკვეთავს 1990 წლის მოსავლის ღვინოს (მას შემდეგაც რაც რუსეთმა მოლდოვურ ღვინოს ემბარგო დაადო, დედოფალი ელისაბედი მაინც განაგრძობს ამ ღვინის შეკვეთას). სხვათაშორის პურკარში ეს ღვინო მზადდება ფრანგული კაბერნე სოვინიონის (Cabernet Sauvignon), ქართული საფერავისა და მოლდოვური რარა ნეაგრეს (Rara Neagră) ჯიშებისგან, მათი მუხის კასრებში დაძველებით.

მოლდოვაში ღვინის სამი მიწისქვეშა ქალაქი-სარდაფი არის. აქედან ერთ-ერთი, მილეშტი მიჩი (Mileştii Mici), მის კოლექციაში არსებული, მსოფლიოში ყველაზე მეტი ღვინის ბოთლის რაოდენობით (1.5 მილიონი) გინესის რეკორდების წიგნშიც არის შესული; მილეშტი მიჩი გადაჭიმულია 250 კმ-ზე, თუმცა ამჟამად სრული ტერიტორიის ნახევარი გამოყენებაში არ არის . ამის გამო მსოფლიოში ყველაზე დიდ მიწისქვეშა ქალაქ-სარდაფად ითვლება კრიკოვა (Cricova), რომელიც ასევე მოლდოვაშია. მუზეუმად ქცეული სარდაფი 120 კმ-ზეა გადაჭიმული და მის კოლექციაში 1.2 მილიონი ბოთლი ინახება. მესამე სარდაფი შედარებით პატარაა და პურკარის მხარეში მდებარეობს, პურკარის ქარხნის ტერიტორიაზე.
6 pirosmani

6 Cricova

6 QueenElizabeth wine

7. რელიგია

საქართველოს მსგავსად, მოლდოვას მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

მსგავსებები – ორივე ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია. რელიგია მოლდოვაშიც დიდ როლს თამაშობს და შერწყმულია მის კულტურასა და მემკვიდრეობასთან.

განსხვავებები – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია სხვა ეკლესიებისგან). მოლდოვაში არსებობს გარკვეული დავა ორ სხვადასხვა ავტონომიურ ეკლესიას შორის, რომელთაგან ერთი რუსულ და მეორე რუმინულ ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. საქართველოში სხვა რელიგიის, მათ შორის ისლამის, აღმსარებელთა უფრო დიდი რაოდენობრივი მაჩვენებელია ვიდრე მოლდოვაში.

მინაწერი – კიშინეუსა და მოლდოვას ავტონომიური მიტროპოლია ეკუთვნის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მასში შედის 1200-მდე სამწყსო (საეკლესიო მრევლი). ბესარაბიის მიტროპოლია ეკუთვნის რუმინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მასში შედის 124 სამწყსო.

7 geo 7 mld

8. სეპარატისტული რეგიონ(ებ)

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში, თავი იჩინა სეპარატისტულმა რეგიონ(ებ)მა. მათ შესახებ ძალიან მოკლედ მოგიყვებით, რადგან ზოგადი სიტუაცია წარმოიდგინოთ.

გაგაუზია: მოლდოვას ერთ-ერთ რეგიონში, გაგაუზიაში არსებულმა სეპარატიზმმა შეიარაღებული დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა და მისმა დე ფაქტო დამოუკიდებლობამაც მოკლე დრო მოიცვა (დაახლოებით 3 წელი). ამჟამად რეგიონს ეწოდება გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული ერთეული და მოლდოვას შემადგენლობაშია. გაგაუზიელების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული არის ის, რომ გაგაუზიელები არიან თურქ სელჩუკების ან პაჭანიკებისა (ე.წ. პეჩენგები) და ყივჩაღების შთამომავალნი, რომლებიც შიდა ტომობრივი დაპირისპირებების გამო XIII საუკუნეში გადასახლდნენ ბალკანეთში (კერძოდ, ბულგარეთში), ეწოდათ გაგაუზი თურქები და მოინათლნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად. მოგვიანებით მათი დიდი ნაწილი გადასახლდა მოლდოვაში (იმ დროს ბესარაბია) და დასახლდა იქ, სადაც ახლა გაგაუზიის ავტ. ტერიტორიული ერთეულია.

გაგაუზიის დროშა და გერბი:

8 flag gagauzia

8 coat of arms

დნესტრისპირეთი: დნესტრისპირეთის კონფლიქტი დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლისა და მოლდოვას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, უფრო კონკრეტულად 1991 წელს (მანამდეც აქვს გარკვეული სეპარატისტული ისტორია ამ რეგიონს, მაგრამ  დღეს არსებულ კონფლიქტს ვგულისხმობ), როცა მოლდოვას იმჟამინდელ იპოლიტიკოსების, ისტორიკოსებისა და მეცნიერების დიდმა ნაწილმა დაიწყო მოძრაობა რუმინეთთან შეერთების მიზნით. ეს მიუღებელი აღმოჩნდა დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობისთვის, რაც ძირითადად გამოიწვია მისმა მრავალფეროვანმა ეთნიკურმა შემადგენლობამ, რომელიც იმ დროისთვის (და მგონი დღევანდელი მონაცემებიც მსგავსია) თანაბრად ნაწილდებოდა მოლდოველებს, რუსებსა და უკრაინელებს შორის. ალბათ არ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ რეგიონში ეს უკმაყოფილება რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული და სეპარატიზმიც რუსული გავლენის შედეგი იყო. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დნესტრისპირეთის რეგიონმა დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990 წელს გამოაცხადა, როცა მოლდოვას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცხადებული დამოუკიდებლობა, თუმცა მოლდოვა იმ დროისთვის ინარჩუნებდა ეფექტურ კონტროლს რეგიონზე. 1992 წლის მარტში კიშინეუდან ტირასპოლისკენ (დნესტრისპირეთის რეგიონის დედაქალაქი) დაიძრნენ შეიარაღებული რაზმები (მათ შორის მოხალისეებიც). იქ მათ რუსეთის შინაგანი ჯარები დახვდნენ. შეიარაღებული ბრძოლები იმავე წლის ივლისში ‘ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე’ ხელის მოწერით დასრულდა. რუსეთმა მოახდინა რეგიონში შინაგანი ჯარების განლაგება და ფაქტიურად ოკუპირება (ახლა იქ ე.წ. მშვიდობისმყოფელები არიან). მოლდოვამ კი სრულად დაკარგა ეფექტური კონტროლი რეგიონზე. რეგიონი საკუთარ თავს უწოდებს ‘დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკას’, აქვს საკუთარი დროშა, გერბი, ჰიმნი, კონსტიტუცია, კანონმდებლობა (რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონთან ჰარმონიზაციის პროცესს გადის), სახელმწიფო ენებად გამოცხადებული აქვთ რუსული, უკრაინული და მოლდავური (!), და სამივე ენისთვის დამწერლობად იყენებენ კირილეს ანბანს. კონფლიქტის სტატუსი ამ ეტაპზე არის – გაყინული.

დნესტრისპირეთის დროშა და გერბი, თუმცა დროშა ნამგალისა და უროს გარეშეც გამოიყენება (საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო მსსრ-ს დროშა და გერბი; გერბში მცირე ცვლილებებია შეტანილი)

8 transnistria 8 coat of arms PMR

წარწერა შენობაზე რუმინულ/მოლდავურ (კირილეს ანბანის გამოყენებით), რუსულ და უკრაინულ ენებზე ტირასპოლში

8 IMG_0970

მსგავსებები – საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტების დაწყების თარიღები, გასაგები მიზეზების გამო, ერთმანეთს ემთხვევა. ეს ‘გასაგები მიზეზებიც’ საერთო გვაქვს. რუსეთი ამ შემთხვევაშიც კონფლიქტის მონაწილე მხარედ ითვლება. ამას გარდა რუსეთი აქაც მარტივად გასცემს რუსეთის მოქალაქეობასა და პასპორტებს დნესტრისპირეთის მოსახლეობაზე.

აქ გაიცემა რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისი საბუთები, ტირასპოლი

 8 IMG_0936

განსხვავებები – კონფლიქტებს შორის არსებობს რამდენიმე არსებითი განსხვავება. დნესტრისპირეთის კონფლიქტის შემთხვევაში კონფლიქტის მიზეზად არ ითვლება ეთნიკური საფუძველი. რეგიონის დე ფაქტო საზღვარი არ არის ჩაკეტილი. რეგიონის ტერიტორიაზე გადასვლა და გადაადგილება, დე ფაქტო საზღვარზე მარტივი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, შეუზღუდავია; მოლდოვას მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ პასპორტი და შეუძლიათ პირადობის საიდენტიფიკაციო ეროვნული მოწმობის წარდგენა. დნესტრისპირეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (მათ შორის ისინიც ვინც მიიღო რუსეთის მოქალაქეობა) ინარჩუნებს მოლდოვას მოქალაქეობას. რუსეთი ოფიციალურად არ აღიარებს რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ (თუმცა მხოლოდ ოფიციალურად). დნესტრისპირეთის რეგიონს (და ზოგადად მოლდოვას) არ აქვს საზღვარი რუსეთთან.

მინაწერი – დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს – თავად არაღიარებული აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საელჩო(ები), ტირასპოლი

  8 IMG_0953

9. ენა

ალბათ გაგიკვირდებათ და იფიქრებთ ენა რაღა შუაში არისო. მოლდოველები ქართულად ნამდვილად არ მეტყველებენ, ისინი რუმინულ-მოლდავურად საუბრობენ.

მსგავსება – საერთოს რაც შეეხება ის არის, რომ როგორც ქართული იკითხება ისე როგორც წერია, რუმინულ-მოლდავურიც ასეა.

განსხვავება – ერთი წესი მაინც აქვს – ‘ch’ იკითხება როგორც ‘კ’, და ‘c’ – როგორც ‘ჩ’ ან ‘ც’.

მინაწერი – ინფორმაციისთვის: აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ თუ რა უნდა ეწოდოს ამ ენას არსებობს მთავრობაშიც და მოსახლეობაშიც. თუმცა, მოლდოვას კონსტიტუცია ამბობს, რომ მოლდოვას სახელმწიფო ენა არის მოლდავური, დამწერლობა – ლათინური. მოლდოვას დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ენა არის – რუმინული. ერთი რამ ფაქტია მოლდავურს დაარქმევ თუ რუმინულს, ეს ორივე ენა ერთი და იგივეა. ისე, როგორც ზემოთ უკვე დავწერე, რუმინეთთან არშეერთებისა და მოლდავური ენისა და არალათინური დამწერლობის იდეა დნესტრისპირეთის კონფლიქტის ერთ-ერთი ფაქტორიც იყო.

9 ena

10. ხაჭპური

ერთ დღეს, ჩამოსვლიდან მალევე, სამსახურში შესვენების დრო ვერავინ გამოვიყენეთ. დატვირთული დღე იყო და საჭმელად ვერ გავედით. ჰოდა, მოგვიანებით ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი გავიდა – ‘რამეს მოვიტან’-ო. მობრუნდა და მოიტანა პლეჩინტე (Plăcinte) ანუ ეს (უფრო სწორედ, ასეთი):

10 plcnt

მსგავსებები – ძირითადად იყენებენ ხაჭოს. თუმცა არსებობს ყველის, კარტოფილის, კარტოფილისა და ცხვრის (გუდის) ყველის, ყველისა და ფხლის.

განსხვავებები – ჩემი აზრით ზედმეტად ბევრი ზეთი აქვს და გემოს უკარგავს. ჩემი სუბიექტური აზრითაც და ობიექტურითაც ერთმანეთს კი გვანან, მაგრამ პლეჩინტე ხაჭაპურის ან კარტოფილიანის ცუდი ანალოგია. შეიძლება ნაადრევ დასკვნას ვაკეთებ და სახლში გამომცხვარი უნდა დავაგემოვნო. ერთი რამ ვფიქრობ, რომ ფაქტია – ხაჭაპური მაინც ჯობია.
ამის გარდა აკეთებენ ტკბილ პლეჩინტესაც, მაგალითად ალუბლით, ვაშლით, თაფლით და ბანანით და ა.შ. ალუბლის გავსინჯე და არ იყო ცუდი, მაგრამ ეს ზედმეტი ზეთი მაინც აფუჭებს.

მინაწერი – ბოლოს როგორც გავიგე პლეჩინტე (Plăcinte) თურმე რუმინული წარმოშობის ყოფილა, თუმცა აქ ტრადიციულ კერძად მიაჩნიათ და ყველგან იყიდება. ტრადიციული კერძების რესტორნების ქსელსაც კი La Plăcinte ქვია.

10 megruli

10 placinte

10 mcv  10 placinta  10 cherry

Untitledd

10 la

ამ სიაში ჩამოთვლილი მსგავსებების გარდა საქართველოსა და მოლდოვას შორის სხვა მსგავსებებიც არის, მაგალითად კლიმატში, ქალაქში გადაადგილების ‘მოწესრიგებულობაში’, სუფრის ზოგიერთ წესში, ადამიანურ თვისებებში, და ვფიქრობ გარკვეული მსგავსებების შემჩნევა ჯერ კიდევ წინ მაქვს.

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებული ოფიციალური ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=336&info_id=296

ჩემი პირველი „საზღვარგარეთი“ – აშშ

პირველად საზღვარგარეთ რომ წავედი 16 წლის ვიყავი. ერთ-ერთი ვიყავი იმ 50-მდე ქართველს შორის, რომელიც, 2001 წლის 2 აგვისტოს, საქართველოდან გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით  გაემგზავრა.

airplane

ძალიან მიხაროდა, რადგან ჩემთვის ეს დიდი მიღწევა იყო. იმ 50 ბავშვს შორის ვიყავი, რომელიც სექტემბრიდან აპრილამდე გაწელილ შესარჩევ ტურებში 1000-ზე მეტ ბავშვს შორის ამოარჩიეს. ძალიან მიხაროდა, რადგან საზღვარგარეთ მივდიოდი. ძალიან მიხაროდა, რადგან პირველად ვიფრენდი თვითმფრინავით. ძალიან მიხაროდა,  რადგან ამერიკას ვნახავდი. ძალიან მიხაროდა, რადგან ახალ მეგობრებს შევიძენდი. ძალიან მიხაროდა, რადგან დამოუკიდებლობას შევიგრძნობდი. ბევრი მსგავსი რამ მიხაროდა ბავშვური სიხარულით.  ვერ წარმოვიდგენდი, რომ სინამდვილეში ამ 11 თვეში ჩამოვყალიბდებოდი ადამიანად; რომ პირველად გავიაზრებდი თურმე როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო; რომ შევიძენდი უამრავ ახალ უნარს და სხვა მსოფლმხედველობა და სამყაროს ახალი აღქმა განმივითარდებოდა. და რომ ეს ყველაფერი მთელ ჩემს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავდა.

ეს ცვლილებები, გარკვეულწილად, ჩემი ასაკითაც იყო გამოწყვეული, მაგრამ ასაკი მხოლოდ ერთ-ერთი, უმნიშვნელო, კომპონენტი იყო, მთავარი მიზეზები კი – სულ სხვა: სამშობლოდან შორს ვიყავი, სრულიად განსხვავებული კულტურისა და წეს-ჩვეულებების მქონე გარემოში, რომელში ადაპტირებაც  ძალიან დიდი გამოწვევა იყო და ამ გამოწვევის მიღებისა და დაძლევის პროცესში ძალაუნებურად განმივითარდა გარკვეული უნარები, გავხდი უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი, სხვა თვალით დავინახე სამყარო, ზოგი ახალი ღირებულება შევიძინე, ზოგიერთი ძველი უფრო გაძლიერდა, ზოგიც კი საერთოდ გაქრა; შევიძინე საერთაშორისო მეგობრები, სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურიდან, სხვადასხვა ინტერესებით, რომელთაგან ძალიან ბევრი ვისწავლე; აღმოვჩნდი განათლების სრულიად განსხვავებულ სისტემაში, სადაც ერთდროულად მეტია თავისუფლება და თან მეტი კონკრეტულობა და ნაკლები განზოგადებაა, ამასთანავე მეტი დატვირთვა – გონებრივიც და ფიზიკურიც, აქტიური სპორტი, ხელოვნება, დრამის კლასები, მოხალისეობა, და ა.შ. – ასეთმა აქტიურმა და დატვირთულმა განრიგმა დამანახა, რომ რაც მეტ საქმეს აკეთებ, მით მეტი თავისუფალი დრო გრჩება;  ვცხოვრობდი მასპინძელ ოჯახში, რამაც საშუალება მომცა იქაური ოჯახის წყობა და ღირებულებები საკუთარი თვალით მენახა და საკუთარ თავზე გამომეცადა, უფრო საინტერესო და მდიდარი გახადა ჩემი იქ ყოფნა, დროებით და ნაწილობრივ ჩამინაცვლა ოჯახური სითბო, მაგრამ ამასთანავე პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრა და განმივითარა; და ნუ, რა თქმა უნდა გავწაფე ინგლისური ენა (ამერიკული აქცენტითურთ) – რამაც, პირველ რიგში, წარმატებისთვის საჭირო წინაპირობა – თავდაჯერებულობა – შემმატა და შემდეგ უკვე მოტივაცია და სხვა მსგავსი სიკეთეები.

იმაზე ლაპარაკი თუ როგორ განსაზღვრა ამ ყველაფერმა ჩემი მომავალი ცხოვრება ძალიან შორს წაგვიყვანს. შეიძლება ოდესმე მივუძღვნა კიდეც ამ ‘ანალიზს’ ცალკე პოსტი.

ისე, ჩემი ამერიკული გამოცდილებიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მახსენდება, რომელთა გავლენასაც მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა სიტუაციაში ვგრძნობდი, სანამ ისინი ნელ-ნელა არ შემისისხლხორცდა. სიამოვნებით გაგიზიარებდით ამ ეპიზოდებს, მაგრამ მეშინია თავს იმდენად მოგაბეზრებთ, რომ ბოლომდე არც კი ჩაიკითხავთ ამ ჩანაწერს.

ამიტომ მხოლოდ ერთის შესახებ მოგიყვებით.

2001 წლის 9 სექტემბერს მე და პროგრამის კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი (თ.მ.) ნიუ იორკში ვიყავით. ჩვენმა ადგილობრივმა კოორდინატორმა გაუკეთა ექსკურსიას ორგანიზება. ნიუ იორკში მანქანით წავედით. პირველი რაც დავინახეთ ქალაქში შესვლამდე იყო თავისუფლების ქანდაკება. მოულოდნელად გამოჩნდა და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მე და თ.მ.-მ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ. არ ვიცი ის რას ფიქრობდა იმ მომენტში, რადგან ორივე ხმის ამოუღებლად ვისხედით და მივჩერებოდით ქვის ქანდაკებას, მაგრამ ვფიქრობ ორივეს მსგავსი განცდა გვქონდა. ჩვენს თვალწინ ვხედავდით იმას, რაც უამრავჯერ გვქონდა ნანახი ტელევიზორში და ფოტოებზე და ალბათ საკუთარ გონებაში წარმოდგენილი გვქონდა კიდეც როგორი იქნებოდა, მაგრამ ახლა წარმოდგენა აღარ იყო საჭირო. ჩვენს წინ იყო აღმართული და სიზმარს გავდა. თვალს რომ დავხუჭავ იმ კადრს ახლაც ვხედავ – ახალი გათენებულია..  ჩემგან მარჯვნივ, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დგას ამერიკის სიმბოლო, თავისუფლების ქანდაკება და  მას ირგვლივ მისტიური ნისლი ახვევია…

DSCN4259

ის დღე შთაბეჭდილებებით იყო დახუნძლული.. კვირა დღის მიუხედავად ხალხით და მანქანებით გადავსებული ქუჩები, პირდაპირი მნიშვნელობით ცაზე მიბჯენილი შენობები, რომელთა ბოლო სართულებამდე თვალიც კი ვერ წვდებოდა, ე.წ. China Town, ქუჩაში გამოფენილი მხატვრობა, მეხუთე ავენიუ, ერთმანეთის გვერდით ჩაყოლებული მაღალი მოდის წარმომადგენელთა მაღაზიები, პარკებში მოძუნძულე ადამიანები, ქალაქის ენით უთქმელი დინამიურობა და კიდევ მრავალი სხვაც… იმ დღეს მე ნიუ იორკი შემიყვარდა. მე ხომ მანამდე მსგავსი არაფერი მენახა.

ქუჩაში ბოდიალისას მე და თ.მ. შევესწარით მშვიდობიან აქციას, სადაც ნიუ იორკის მოსახლეობა იმ ფაქტს აპროტესტებდა, რომ ქალაქის ერთ-ერთ პარკში ნებადართული იყო მანქანების პარკირება. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ლოზუნგები ჰქონდათ მომზადებული – მაგალითად. ‘No Parking in Parks’, ‘parks for citizens not their cars’, – და ამას გარდა მწვანეზე თეთრად იყო დაბეჭდილი და ვრცელდებოდა პოსტერი – VOTE PARKS! იქ მყოფებს შორის ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ორ დღეში ეს საკითხი მათთვის მეათასეხარისხოვანი გახდებოდა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობები ნიუ იორკის ყველაზე მაღალი შენობები იყვნენ და შესაბამისად მათ სახურავებზე ასვლისას ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე აღმოჩნდებოდი. ამ შესაძლებობით აღტაცებულებმა მივაშურეთ მათკენ, მაგრამ იქ მისულებს, უზარმაზარი რიგი შენობის შესასვლელშივე დაგვხვდა. კვირა დღეს ყოველთვის ასე არისო – გვაუწყეს. რიგი იმდენად დიდი იყო, რომ მასში ჩადგომის შემთხვევაში რამდენიმე საათი მოგვიწევდა ლოდინი. გადავწყვიტეთ – ეს რამდენიმე საათი რიგში დგომით არ გაგვეფლანგა და ქალაქის თვალიერება გაგვეგრძელებინა, სავაჭრო ცენტრის სახურავზე კი ნიუ იორკში შემდეგი ვიზიტისას ავსულიყავით. ეს შემდეგი ვიზიტი, ნიუ იორკში,  მალევე კი განვახორციელე, მაგრამ მაგ დროს ტყუპების სახურავი უკვე  ქუჩის დონეს უსწორდებოდა. მეორედ ჩასულს, ცათამბჯენის ნაცვლად – Ground Zero, სახურავზე ასვლის მსურველთა რიგის ნაცვლად კი ტყუპ შენობების ნანგრევებში მოყოლილთა პოვნის მსურველების დიდი არმია, ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების შემადგენლობით, დამხვდა.

მას შემდეგ უკვე იმდენი რამ ითქვა და დაიწერა, რომ აღარ ვილაპარაკებ იმაზე თუ რამდენად დიდი ტრაგედია იყო (და არის) 2001 წლის 11 სექტემბერი, მითუმეტეს რომ ეგ ამ პოსტის მიზანი და თემა არ არის. თუმცა იმას გავუსვამ ხაზს, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან თუ როგორ გააერთიანა ამ ტრაგედიამ აშშ-ს მოსახლეობა. ალბათ მათმა უმრავლესობამ საკუთარ ცხოვრებაში პირველად გაიაზრა და იგრძნო ‘United We Stand’-ის არსი და მნიშვნელობა. ჩემთვის სანიმუშო იყო ადამიანების ერთობა იმ პერიოდში. ეს ეპიზოდი ჩემი 11 თვიანი ამერიკული გამოცდილების დასაწყისში იყო და მნიშვნელოვნად იმოქმედა მთელს დანარჩენ პერიოდზეც. ალბათ გამიმართლა, რადგან საშუალება მომეცა ამერიკელები ახალი, არასტერეოტიპული თვალით დამენახა.

tribute

და აი, ვიწყებ ჩემოდნის ჩალაგებას ..

უკვე დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვკითხულობ ჩემი მეგობრების, უბრალოდ ნაცნობებისა და ხშირად უცნობების ბლოგებს და ბლოგ-პოსტებს. ზოგ პოსტს იმიტომ, რომ საინტერესო თემასთან დაკავშირებითაა, ზოგს -უბრალოდ, უმიზეზოდ, იმიტომ, რომ ლამაზად არის გაფორმებული და მარტივად იკითხება.

მეც სულ მინდოდა, რომ რამე მომებოდიალებინა ხოლმე და დამეწერა ჩემი აზრები, შთაბეჭდილებები, ა.შ. განსაკუთრებით ჩემს წანწალზე და მოგზაურობებზე მინდოდა ხოლმე რამის დაწერა. მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ პირველად გავედი, უკვე ოცამდე ქვეყანაში ვიყავი და ბევრი შთაბეჭდილება შეენაცვლა ერთმანეთს. მეგობრებს, ახლობლებს და ნაცნობებს ვუყვები ხოლმე ჩემი თავგადასავლების და შთაბეჭდილებების შესახებ. მაგრამ ჩანაწერების გასაკეთებლად და გამოსაქვეყნებლად ხან არასაკმარისი მოტივაცია მქონდა, ხან კომპლექსები მაწუხებდა და ხან – სიზარმაცე. რამდენჯერაც წერა დავიწყე, იმდენჯერ შუა გზაში გავჩერდი.. ნახევრამდე მიყვანილი ჩანაწერის გამოქვეყნებას აზრი არ ქონდა, მერე ზოგი დაიკარგა, ზოგი კი ფურცელზე დაჯღაბნილი მაქვს და სადღაც არის (ანუ ისინიც დაიკარგა)…

ამ ბოლო დროს კი წერის სურვილი და მოტივაცია ისევ გამიჩნდა. მაგრამ კომპლექსები და სიზარმაცე ჯერ კიდევ დასაძლევი მქონდა. კომპლექსის დაძლევისკენ ბიძგი ჩემმა მეგობარმა, მარიამ ასანიშვილმა მომცა თავისი გამხნევებით და მისი პოსტებით. თითქოს წერის კომპლექსიც ამან მომიხსნა. დარჩა სიზარმაცის დაძლევა. ჰმ.. ამაზე რა ვთქვა… სიზარმაცეს ამ სიტყვების წერის დროსაც კი ვებრძვი.

როგორც ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა ‘ან ისეთი რამ დაწერე, რომ წაკითხვად ღირდეს, ან ისეთი რამე გააკეთე, რომ მის შესახებ დაწერა ღირდესო’ (Either write something worth reading or do something worth writing)… ჰოდა, სანამ ჩემ შესახებ ვინმეს რამის დაწერის სურვილი გაუჩნდება, მანამ აჯობებს შევეცადო დავწერო ისეთი რამ, რომლის წაკითხვაც ერთი ადამიანისთვის მაინც ეღირება.

 

WP_003588